19 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
"საქართველო ინვესტორების სასაფლაოა" - "აიკონია კაპიტალის" დამფუძნებელი მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს

„მე ვთქვი, საქართველო არის ინვესტორების სასაფლაო, რომელიც თავს აჩვენებს ბიზნესის უტოპიად,“ - ეს განცხადება ამერიკული აიკონია კაპიტალის დამფუძნებელმა, ედვარდ ჩარიმ, კურიერთან ინტერვიუში გააკეთა.

კომპანია საქართველოს მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს და ქვეყანას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.

ბიზნესმენის თქმით, კორუფციითა და უკანონო გადაწყვეტილებებით კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს მის ჩასაძირად. მისი განცხადებით, ამ ყველაფერში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო.

ედვარდ ჩარის განცხადებით, ის დეველოპერული პროექტი, რომლის განხორციელებასაც თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, გეგმავდა, ჩაიშალა.

აიკონია კაპიტალი არ არის პირველი და არც უკანასკნელი, ვისაც კაპიტალი და ყველაფერი წაართვეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება თამამად მოუწოდებს ინვესტორებს, აქ ჩამოვიდნენ და ინვესტიცია განახორციელონ. ჩემი მიზანია, მათ იცოდნენ, რა მძიმე რეალობის წინაშე დადგებიან, რადგან ვისთანაც დაპირისპირება მოუწევთ, ეს არ იქნებიან უბრალო ადამიანები. ისინი არაფრად აგდებენ კანონს, მის უზენაესობას და საერთოდ არაფერს. ჩემი საქმით დამტკიცდა, რომ აქ ინვესტორის დაცვა შეუძლებელია და არანაირი ხელსაყრელი გარემო არ არსებობს. ჩემი მიზანია, ეს ისტორია ყველას გავუზიარო. დიახ, მე გეუბნებით, რომ არ არის აქ უსაფრთხო ფულის ჩადება და ასე იქნება, ვიდრე მთავრობას არ ეცოდინება, როგორ მოექცეს ინვესტორს, რომელიც ქვეყანაში მილიონების დახარჯვას გეგმავს,“ - განაცხადა აიკონია კაპიტალის დამფუძნებელმა, ედვარდ ჩარიმ.

ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის და აპირებს, რომ ზიანის ასანაზღაურებლად 10 მილიონი დოლარი მოითხოვოს.

„ჩვენ გავიარეთ ყველა სასამართლო ინსტანცია და დავრწმუნდით, რომ ამ ქვეყანაში სამართლის ძიებას აზრიც კი არა აქვს. საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჩვენ შევხვდებით საერთაშორისო არბიტრაჟში, სადაც მე უკვე ვიჩივლე და 4 წლის განმავლობაში დახარჯული რესურსის, თანხის და უმძიმესი დღეების სანაცვლოდ, ვთხოვ 10 მილიონით ანაზღაურდეს ზიანი, რომელიც მე მომადგა. მთავრობას უნდა ესმოდეს, რომ, როდესაც ისინი წააგებენ, ამ ფულს სწორედ იმ უბრალო მოქალაქეების ჯიბეებიდან ამოიღებენ, რომლებსაც ასე უჭირთ ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ედვარდ ჩარიმ.

ამერიკელ ბიზნესმენს კურიერი მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ბიზნესზე ზეწოლის შესახებ სტატია გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნდა, სადაც ედვარდ ჩარი მისი კომპანიისთვის შექმნილ პრობლემებზე მიუთითებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები