„ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან,“- პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მის წინამორბედს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას ბრალდებებს უყენებს. ის იმ ორგანიზაციებსაც უპირისპირდება, რომლებიც აკრიტიკებენ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ირაკლი კობახიძის კაბინეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს.
ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს პოლიტიზირებულსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულს უწოდებს.
"ეკა ბესელიას კაბინეტი ჰგონია ოთახი. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი რომ წერია ავტორად, მას კაბინეტი წარმოდგენილი აქვს, როგორც ოთახი. აქ ვამთავრებ მასზე პასუხების გაცემას. მათ ამოძრავებთ პოლიტიკური მოტივაცია, საკითხი გადაიტანონ პოლიტიკურ ჭრილში და პასუხი ამ შეკითხვაზე არის მარტივი. ყველა ეს ჯგუფი არის პოლიტიზირებული. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ ყველაზე არ ვამბობ, თუმცა ბევრი, ვითომ, ე.წ. ექსპერტი დაკავშირებული და ასოცირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან,“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.