„ფადი ასლიმ გააკეთა მიკერძოებული პოლიტიკური განცხადება,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო სავაჭრო პალატის ღია წერილს, სადაც ფადი ასლი ბიზნესზე ზეწოლასა და შანტაჟზე ამახვილებს ყურადღებას.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ფადი ასლი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ მიკერძოებულია.
„ვიცით, რომ მას აქვს პოლიტიკური მიკერძოება. მან შეიყვარა ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია და ვეღარ გადაიყვარა დღემდე. აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები არის მიკერძოებული. მის სიაში იყო ჩამოთვლილი, მათ შორის ისეთი კომპანიები, რომლებიც სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში გაიფურჩქნა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ფადი ასლიმ გააკეთა მიკერძოებული პოლიტიკური განცხადება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საერთაშორისო სავაჭრო პალატამ პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა. სავაჭრო პალატის პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რა გახდა ინვესტორთა საბჭოს 26 მარტს ჩანიშნული შეხვედრის უვადოდ გადადების მიზეზი.
ფადი ასლი ღია წერილში ბიზნესზე ზეწოლაზე ამახვილებს ყურადღებას. ის კონკრეტულ ბიზნესმენებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ერთ-ერთ მაგალითად „თიბისი ბანკისა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეები მოჰყავს.