ნატო-ს გენერალურ მდივანს ბოლო შეხვედრა პარლამენტის დეპუტატებთან ჰქონდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა დეპუტატების თქმით, მთავარი თემა ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერება იყო.
ოპოზიციური სპექტრის წევრების თქმით, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის მთავარი თემები იყო, დემოკრატიული რეფორმები, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და ეუთო-ს შენიშვნები.
"ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მთავარ გზავნილებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სტოლტენბერგის ერთ-ერთი მოწოდება, სწორედ ეუთო-ს დასკვნის გათვალისწინება იყო.
„მთავარი გზავნილი, ნატო-ს გენერალური მდივნის იყო, რომ აიღეთ ეუთო-ს დასკვნა და გაატარეთ ყველა ის რეფორმები, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. რომ ამის გარეშე, საქართველოს მომავალი ნატო-ში ვერ იქნება უზრუნველყოფილი. პირდაპირი გზავნილი იყო, რომ პოლიტიკური კონსენსუსი რომ შეიქმნას ნატო-ში, ამისთვის აუცილებელია, რომ თქვენ გაატაროთ ის რეფორმები, რაც სჭირდება თქვენს საზოგადოებას, რომ თქვენს საზოგადოებაში განმტკიცდეს დემოკრატია და ადამიანის უფლების პატივისცემა და სხვა საერთო ღირებულებები ნატო-სთან,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, რომელიც აცხადებს, რომ ნაბიჯები, რომელიც დემოკრატიის კუთხით უკან იდგმება ქვეყანაში, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ტემეპებს ამცირებს.
„საქართველოში მიმდინარე პროცესები, ეს არ არის ჩვენი შიდა პროცესები. ნებისმიერი გაყალბებული არჩევნები, ნებისმიერი ნაბიჯი უკან მედია თავისუფლებისგან, ნებისმიერი პრობლემა სასამართლო რეფორმის გზაზე, ყველაფერი ის, რაც ამცირებს ქართული დემოკრატიის ხარისხს, ამცირებს საქართველოს შანსს, სწრაფ გახდეს ნატო-ს წევრი ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ისე როგორც ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში, არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის დემოკრატიის გზაზე სწორი ნაბიჯების გადადგმა. ნებისმიერ უკან გადადგმული ნაბიჯი, ამცირებს საქართველის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას და ამ მხრივ, გენერალური მდივნის მესიჯი ძალიან მკაფიო იყო,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანში ხორციელდება.
„ცხადია, ნატო მხარს უჭერს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ფორსირებულად ხორციელდება. მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ის ნახტომი, რაც ჩვენ 12 წლის შემდგომ გავაკეთეთ, დემოკრატიის თვალსაზრისით, ეს ყველასათვის კარგად დასანახია. ბოლო არჩევნებთან მიმართებაში, თავად გენერალმა მდივანმა ისაუბრა, რომ ისინი ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს ეყრდნობიან და თავის მხრივ, ნატოს არ აქვს განსაკუთრებული შემფასებელი ჯგუფი და ცხადია იმ ხარვეზებს ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.