მასობრივი გაფიცვის მესამე დღე - მთავრობის ადმინისტრაციასთან, ცოტა ხნის წინ, სოციალური მუშაკების საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეები მოთხოვნების შეცვლას არ აპირებენ და საგანგებო მიმართვას პრემიერ-მინისტრს უგზავნიან.
მათ განცხადებაში წერია, რომ პრემიერი უშუალოდ არის პასუხისმგებელი მიმდინარე პროცესებზე, როგორც მთავრობის მეთაური. სოციალური მუშაკები ითხოვენ პრემიერი გაეცნოს მათ მოთხოვნებს, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა მათ მიერ წამოყენებული 6 მთავარი მოთხოვნა შესრულდეს.
მათთვის მიუღებელია ჯანდაცვის მინისტრის განმარტება, რომ სოციალური მუშაკების მოთხოვნათა უმრავლესობა უწყების გეგმაში გაწერილია.
სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ სამინისტრო ვერ ახდენს მათ მიერ წამოჭრილ პრობლემებზე დროულ რეაგირებას.
„ბატონმა მინისტრმა რაზეც ისაუბრა მათი მხრიდან ეს ყოველთვის ჟღერდებოდა, მაგრამ რაზეც გვჭირდებოდა მყისიერი რეაგირებები ისევ ვადაში გაწელილი არის მათი შემოთავაზება, რასაც არ ვეთანხმებით,“-ამბობს აქციის მონაწილე.
სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ქუჩაში დგომა, თუმცა მათ სჭირდებათ ადეკვატური სერვისები, რათა ბენეფიციარებს მოემსახურონ.
„ჩვენი ინტერესი არ არის ქუჩაში დგომა, ჩაგვრთონ მუშა პროცესში და მივიღოთ ადეკვატური სამუშაო ანაზღაურება, ადეკვატური სამუშაო გარემო და ადეკვატური სერვისები მათთვის, ვისთვისაც ვშრომობთ,“-აცხადებს სოციალური მუშაკი.
სოციალური მუშაკები სამინისტროს ხელმძღვანელობისგან 22 მოთხოვნიდან, მინიმუმ ექვსი მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან. მოთხოვნებს შორისაა სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და იურისტების რაოდენობის გაზრდა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა და ადეკვატური ხელფასი.