„გეგმის საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია,“- ამ განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი სოციალური მუშაკების მოთხოვნებს გამოეხმაურა.
დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ის ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც გაფიცული სოციალური მუშაკების მთავარ მოთხოვნებსაც ითვალისწინებს. ჯანდაცვის მინისტრი გაფიცულ მუშაკებს სამოქმედო გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისთვის პრიორიტეტულია არ მოხდეს სერვისების წყვეტა, სწორედ ამიტომ 15-მდე შტატგარეშე თანამშრომელი შტატში უკვე იქნა აყვანილი.
სერგეენკოს განცხადებით, სოციალური მუშაკების მოთხოვნები იმ კანონის ნაწილია, რომელიც სექტემბერში იქნა მიღებული, მათი განხორციელება კი მხოლოდ დროის საკითხია.
„მათი მოთხოვნები არის იმ კანონის ნაწილი, რომელიც იქნა მიღებული შარშან სექტემბერში. განსხვავება პრინციპული არის ის , რომ კანონში გაწერელია აღსრულების გრაფიკი, ხოლო მათი მოთხოვნები შედგება იმისგან, რომ ეს ბევრად დაჩქარებულად, უმოკლეს პერიოდში განხორციელდეს. ჩვენ ვეცადეთ, რომ მოგვეძებნა კომპრომისი, უკლებლივ ყველა აღსრულების ვადებს ვერ გადმოვწევთ, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, გაფიცვის დაწყებამდე პერიოდში მათთან გვქონდა ერთობლივი შემუშავებული გეგმა და მისი საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია,“- განაცხადა სერგეენკომ.
სოციალური მუშაკები სამინისტროს ხელმძღვანელობისგან 22 მოთხოვნიდან, მინიმუმ ექვსი მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან. მოთხოვნებს შორისაა სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და იურისტების რაოდენობის გაზრდა, ტრანსპორტით უზრუნველყოფა და ადეკვატური ხელფასი.