რატომ დამალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვის ფაქტი - პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მამუკა ბახტაძის თქმით, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პირები და შესაძლოა, ისინიც გაქურდონ.
„თქვენ განაცხადეთ, რომ ვითომ შსს-მ არ დაადასტურა ეს საკითხი თუ დამალა და ა.შ. შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ეს ინფორმაცია არის საჯარო და თუ იმას მეკითხებით, რატომ მაინცდამაინც რომელიმე მინისტრის სახლი, ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები. ასეთი რაღაცა ყველგან შეიძლება მოხდეს,"- განაცხადა ბახტაძემ.
„კურიერისთვის“ გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი, თუმცა შს სამინისტრომ „რუსთავი 2“-ს მინისტრის სახლის გაქურდვის ფაქტი არ დაუდასტურა. თავად გიორგი ქობულიამ კი განაცხადა, რომ „კურიერის“ კითხვებს ვერ უპასუხებდა, რადგან მის სახლთან დაკავშირებული ინფორმაცია მის პირად ცხოვრებას წარმოადგენს.
შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკონომიკის მინისტრის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.