„ამ ბოლო დროს მოუხშირა დეპარტამენტმა ფაქტობრივი შეცდომების დაშვება ანგარიშებში,“ - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
ჩუგოშვილი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ფულის გათეთრება ხდება. ამ ჩამონათვალში შესულ ქვეყნებში, ფინანსურ ტრანზაქციებში საერთაშორისო ნარკოტრეფიკიდან შესული ფულიც გადის.
ჩუგოშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, ვინ მიაწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს ინფორმაცია საქართველოდან, თუმცა დეპუტატის თქმით, ანგარიშში ბევრი უზუსტობაა.
ჩუგოშვილის თქმით, ქვეყანაში, რომ ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, ამაზე შს მინისტრმა თავად ისაუბრა.
„ამ ბოლო დროს მოუხშირა დეპარტამენტმა ფაქტობრივი შეცდომების დაშვება ანგარიშებში, რაც უბრალოდ არ არის არანაირად სასარგებლო თვითონ იმ საქმისთვის, რომელსაც ერთად ვაკეთებთ, მაგალითად, წერია ისიც, რომ ფულის გათეთრების ნაწილი არის და წერია ისიც, რომ კულტივაცია არის ლეგალური ქვეყანაში, რაც ასე არ არის და ყველამ კარგად ვიცით, რომ კულტივაცია ნარკოტიკების, მარიხუანის, არ არის ქვეყანაში ლეგალური, ამიტომ, რაღაც ფაქტობრივი შეცდომებიც არის როგორც ჩანს ერთ მხრივ, მაგრამ, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები ქვეყანაში რომ არსებობს, ამაზე ჩვენ ყველაზე მეტი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტისგან კი არა, შს მინისტრისგან მოვისმინეთ,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში უკანონო შემოსავლების მთავარ წყაროდ საბანკო თაღლითობა და კიბერდანაშაული სახელდება.