17 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
საპროტესტო კამპანია ირანელი რეპერის წინააღმდეგ - მომღერალი ამტკიცებს, რომ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლია

ირანელი რეპერის მიერ ფილარმონიაში გამართული კონცერტის დროს გახმოვანებულ განცხადებებს თბილისში საპროტესტო კამპანია მოჰყვა. დახურული სოლო კონცერტი ამირ თათალომ ფილარმონიაში ირანული დიასპორისთვის გამართა.

კონცერტის შემდეგ სოციალურ ქსელში მისი გამოსვლის ფრაგმენტი გავრცელდა, ქართულად ნათარგმნი სუბტიტრებით, რომლის მიხედვითაც ის ქართველ ხალხს უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს. საპროტესტო კამპანიის მონაწილეები მისგან საჯარო ბოდიშსა და ქვეყნის დატოვებას მოითხოვენ.

ირანელი მუსიკოსი, რომელიც რამდენიმე დღეა მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას თვალს ადევნებს, „კურიერთან“ ამბობს, რომ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლია.

ამირ თათალოს განცხადებით, ასეთი ფრაზები არასოდეს უთქვამს და ფილარმონიის სცენიდან შეურაცხყოფაც არავისთვის მიუყენებია. არ იცის, ვინ დგას ამის უკან, თუმცა ირანელი მუსიკოსი არ გამორიცხავს, რომ ეს განზრახ დადგმული პროვოკაცია იყოს.

ირანელი მუსიკოსის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღეს „ქართული მარშის,“ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „პრიმაკოვის ქართულ-რუსული ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ირანის მოქალაქემ მასპინძელ ქვეყანას შეურაცხყოფა საჯაროდ მიაყენა და ის საქართველოდან უნდა გააძევონ.

ირანის ელჩმა აქციის მონაწილეებს აუხსნა, რომ თათალუს მუსიკა თეირანში აკრძალულია, თავად კი არ მოუსმენია, რა თქვა ირანელმა მუსიკოსმა ფილარმონიის სცენაზე. 

ირანის საელჩოდან დამაკმაყოფილებელი პასუხის შემდეგ აქციის მონაწილეებმა თურქეთის საელჩოსთან გადაინაცვლეს და ამჯერად, თურქეთის შიდა პოლიტიკა გააპროსტეს.

სპეციალურად შექმნილ ყალბ ახალ ამბებზე აგებული მსგავსი აქციები, რომ ეთნიკური შუღლის გასაღვივებლადაა, არ გამორიცხავენ პოლიტოლოგები. ვასილ პაპავა ამბობს, რომ შესაძლოა, ირანელი მუსიკოსი სცენაზე მართლაც გამომწვევად იქცეოდა, თუმცა გავრცელებული თარგმანი ყალბია.

ირანელი მუსიკოსი, რომელიც საქართველოში უკვე 5 თვეა ცხოვრობს, მისამართის შეცვლას საკუთარი ნებით ჯერ არ გეგმავს. ის ევროპული ტურნესთვის ემზადება.

ამავე თემაზე
დღის ამბები