ირანელი რეპერის, ამირ თათალუს საქართველოდან გაძევებას პრიმაკოვის ქართულ-რუსული ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და მისი თანამოაზრეები ითხოვენ.
რამდენიმე დღის წინ მუსიკოსმა ირანული დიასპორისთვის ფილარმონიაში კონცერტი გამართა, სადაც, როგორც აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს.
აქციის მონაწილეები დღეს ირანის საელჩოსთან შეიკრიბნენ და ახსნა-განმარტება დიპლომატებისგან მოითხოვეს.
„ქართული საზოგადოება ითხოვს, რომ მოხდეს მისი დეპორტაცია საქართველოს სახელმწიფოსგან და ამავე დროს, მან მოიხადოს ბოდიში ქართული საზოგადოების წინაშე. თუ ის ამას არ გააკეთებს, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული კონცერტი იყო ორგანიზებული ირანის დიასპორული საზოგადოების მიერ და ასეთი ტიპის კონცერტებზე ზედამხედველობას და კოორდინირებას, როგორც წესი, ახდენენ საელჩოს კულტურის ატაშეები, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ, შესაბამის განცხადებას ირანის საელჩოსგან,“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მათ ირანის ელჩი შეხვდა, რომელმაც განმარტა, რომ კონცერტის ვიდეო ნანახი არ აქვს. თუმცა თქვა, რომ მუსიკოსი კანონდამრღვევი და ძებნილია ირანში. მისივე თქმით, არ იცის, როგორ მოხვდა რეპერი საქართველოში.
„ჩვენც თქვენს მსგავსად საერთოდ არ ვიცით როგორ შემოვიდა ეს პიროვნება აქ. ვინ შეუწყო ხელი მის ვიზიტს და მის კონცერტს ან ვინ იყვნენ ორგანიზატორები. მის წინააღმდეგ ირანშიც არის აღძრული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე. მან რამდენჯერმე ქალებს მიაყენა შეურაცხყოფა ამის შემდეგ გაიქცა ირანიდან და ჩავიდა თურქეთში, საიდანაც შემდეგ გამოაძევეს, საიდან მოხვდა ის საქართველოში ეს უნდა კითხოთ ადგილობრივ ხელისუფლებას. არც ერთი ირანელი თავს უფლებას არ მისცემს რომ მოძმე ქვეყნის ხალხს მიაყენოს ასეთი შეურაცხყოფა,“ - განაცხადა ელჩმა.