ქვეყანა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს იხსენებს. დღეს ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეა. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენას, რომელიც ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეძღვნება, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ. პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა პირველი პრეზიდენტის ღვაწლზე ისაუბრეს.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე აუცილებლად უნდა გამოძიებული იყოს. პრემიერის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქმე ისევ გამოუძიებელია, სირცხვილია.
„მისი ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში სრულიად განსაკუთრებულია. ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. მე ისევე, როგორც ჩემი მეგობრები, ქედს ვიხრით მისი ნათელი ხსოვ ნის წინაშე. ის ფაქტი, რომ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ნამდვილად დიდი სირცხვილია. ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. არა მხოლოდ 7 წელი, ეს გამოძიება უფრო მეტ ხანს გრძელდებოდა, ბუნებრივია, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. ქართლი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი, თუ რა მოხდა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე საქმის გამოძიება ვერ მოხერხდა. მისი განცხადებთ, არაერთხელ ითქვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ საქმე სასწრაფოდ ბოლომდე გამოსაძიებელია.
„ის იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან კარგ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ გამთლიანებას. ის იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და ჩვენი ვალია მის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ. სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, მისი ბოლომდე მოყვანა. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი. სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და კანონში შევიტანეთ ცვლილება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა გამსახურდიას საქმე ისევ გამოუძიებელია და ამიტომ ის ბოლომდე უნდა მივიდეს.
„ზვიად გამსახურდია იყო ადამიანი, ვინც ეროვნული იდეა შექმნა, ქართველებს სამშობლოს შეგრძნება, პატრიოტიზმი გამოუღვიძა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. რაც შეეხება გამოძიებას, მე გეთანხმებით იმაში, რომ საქმე უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი. რამდენიმე ხელისუფლება გამოიცვალა, თუმცა საქმე ბოლომდე არ არის გამოძიებული. ალბათ, შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გვითხრან, რა ეტაპზეა და რა მდგომარეობაა,“- განაცხადა კახა კალაძემ.