მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდეტის ბიბლიოთეკაში შეკრებილებს მიმართა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას ვერ აპატიეს ის, რომ მას ჰქონდა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს იდეა. მან ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა, რომელიც ხიბულაში ჩავიდა და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიებაზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიუღებელია ასეთი განცხადებები იმ ადამიანებისგან, რომლებიც მტრების სასარგებლოდ მოქმედებენ.
„ხშირად მიფიქრია, თუ რა განცდები ჰქონდა ზვიად გამსახურდიას ხიბულაში, როდესაც საქართველოს მტრებმა მიამწყვდიეს ის, ჩამოიყვანეს ჯერ საქართველოში, ჩამიტყუეს საქართველოში. საქართველოს დამაქცევარი ოლიგარქი, რუსეთის პირდაპირი რეზიდენტი საქართველოში, რომელიც ჩადის ხიბულაში და გამსახურდიას სიყვარულს ეფიცება, ეს არის ის კაცი, ვინც გამსახურდიას და მეც გიჟებად გვაცხადებდა, იმიტომ, რომ მათთვის სიგიჟეა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეს არის ყველაზე დიდი ფარისევლობა, რაც შეიძლება არსებობდეს,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.