26 აპრილი 2024,   19:28
ვრცლად
"ომეგა ჯგუფის" და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ ხორციელდებოდა ფართომასშტაბიანი შეტევა - „ომეგა ჯგუფის” გენერალური დირექტორი

„ომეგა ჯგუფის“ საქმე - სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას „ომეგა ჯგუფის” გენერალური დირექტორი, ლევან აღდგომელაშვილი ეხმაურება.

საქმე ეხება კომპანია „ომეგას“ თამბაქოს (ოჯთ) წარმოების აუქციონზე გატანის გადაწყვეტილებას, რომლის აღსრულებაც სტოკჰოლმის არბიტრაჟმა შეაჩერა.

სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლოში კომპანიის დამფუძნებელმა საქართველოს მთავრობას ზეწოლისა და უსამართლო დევნის გამო უჩივლეს. დავების გადაჭრის ავტორიტეტულმა ინსტანციამ მიღებული გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ კომპანიის წინააღმდეგ სახელმწიფო უწყებები ძალადობრივად მოქმედებდნენ.

ლევან აღდგომელაშვილის თქმით, სახელისუფლებო მანქანა მთლიანად ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული და ამაში არაფორმალური ძალებიც მონაწილეობდნენ.

მისივე განცხადებით, თავდასხმის მიზანს ტელეკომპანია "იბერიას" ხელში ჩაგდება წარმოადგენდა. ის ასევე ამბობს, რომ ოჯთ-ის გაყიდვით ზაზა ოქუაშვილის დასჯა სურდათ. 

„ომეგა ჯგუფის და მისი მფლობელი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ მმართველობის ყველა ფორმალური სახელისუფლებო განშტოებისა და არაფორმალური მმართველობის მხრიდან ხორციელდებოდა ფართომასშტაბიანი შეტევა. ამგვარი უკანონო მოქმედების მიზანი დასაწყისიდანვე იყო ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის და მის მფლობელობაში არსებული ტელეკომპანია "იბერიას" ხელში ჩაგდება სახელმწიფლებო ძალადობის გზით.

„ამა წლის 22 მარტს ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა ზაზა ოქუშვილმა მიმართა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს შუამდგომლობით, რომ შეჩერებულიყო ქართული სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლოს საგანგებო მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას აეკრძალა საქართველოს სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, საქართველოს მხარეს დაეკისრა საერთაშორისო სასამართლო ბაჟის, იურიდიული ხარჯისა და მათზე ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსის მიხედვით 2-პროცენტიანი სარგებლის კომპენსაცია ზაზა ოქუაშვილის სასარგებლოდ,“ - განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა საჯარო განცხადებები, სადაც ის ზეწოლაში ხელისუფლებას და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებდა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გააკეთა. მან ქვეყნის რეალური მმართველი ბიზნესის ტერორში დაადანაშაულა.

ოქუაშვილის ხმამაღალ განცხადებებს სადამსჯელო ღონისძიებები მოყვა. მას დავალიანება შეახსენეს და აქციზების მიწოდებაზე უარი უთხრეს. ამ დრომდე „ომეგა ჯგუფის“ სიგარეტის ქარხანა გაჩერებულია, ფინანსთა სამინისტრო კომპანიას აქციზურ მარკებს არ აძლევს.

„ომეგა“ მზად იყო მილიონ ნახევარი ლარი აქციზური მარკების შესაძენად ბიუჯეტში წინასწარ გადაეხადა, თუმცა, ამის მიუხედავად, კომპანიას მინისტრს მაჭავარიანის უწყება საწარმოს გახსნის უფლებას ისევ არ აძლევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები