ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს. იუსტიციის მინისტრი პრობლემების არსებობას ადასტურებს. თეა წულუკიანმა განცხადება ამ თემაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ის ევროკომისიის წარმომადგენელს შეხვდა.
მინისტრის თქმით, არსებობს პრობლემები და უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის ევროკავშირთან ერთად უნდა იმუშაონ. მიგრაციის მკვეთრი ზრდის ან საზოგადოებისთვის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას ითვალისწინებს, თუმცა ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას არა მოქალაქეებს, არამედ ხელისუფლებას აკისრებს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
„საფრთხის წინაშე უვიზო მიმოსვლას აყენებს მთავრობა, რომელიც ვერაფერს ვერ აკეთებს და არ აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები იძულებული არ გახდნენ თავის სარჩენად ევროპაში წავიდნენ უკანონო მიგრანტებად. უვიზო მიმოსვლის გაფრთხილება არ არის გაჭირვებული ადამიანების წინააღმდეგ სანქციების შემოღება და კანონების მიღება. უვიზო რეჟიმის გაფრთხილებაა ისეთი ხელისუფლების მოსვლა, რომლის პირობებშიც ქვეყანა წავა წინ და ხალხი აღარ იქნება იძულებული ლუკმა-პურის საშოვნელად წავიდეს ევროპაში,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან ბეჟაშვილის აზრით, ხელისუფლებამ პრობლემის გადაჭრაზე ქვეყნის შიგნით უკეთესი პირობების შექმნით უნდა იზრუნოს. მისი თქმით, მომატებული კრიმინალი, ეკონომიკური სიდუხჭირე და სხვა პრობლემები, რომელშიც ბეჟაშვილი მმართველ გუნდს ადანაშაულებს, პირდაპირ უქმნის საფრთხეს უვიზო მიმოსვლას.
„მიგრაციის პრობლემა სერიოზული პრობლემაა ქვეყნისათვის, იმიტომ რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ქვეყანაში შექმნა ვითარება, როდესაც მილიონამდე ადამიანმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, იმის გამო რომ ქვეყანაშია რის უპერსპექტივობა, ეკონომიკური გაჭირვება, კრიმინალი. მეორე, იმის გამო, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმის მიღწევა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ლეგალური საშუალება ევროპაში წასვლის და მუშაობის. ამიტომ, როდესაც არამარტო უუნარო, არამედ დანაშაულებრივი მთავრობა გვყავს, ვიღებთ იმ შედეგებს, როდესაც უკვე საუბარია ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვაზე, რაც კიდევ უფრო გაართულებს ქვეყნის და მოსახლეობის პრობლემებს“-განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.