18 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

"თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს. პარტიის თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ დღეს ქუთაისში, ყოფილი ციხის შენობასთან ბრიფინგი გამართა და მილიონობით ქონების განადგურება კიდევ ერთხელ გააპროტესტა. 

გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქი მის ტერიტორიაზე არსებულ ქონებას ვერ იყენებს. მისი თქმით, ქონების გასხვისების კუთხითაც არსებობს პრობლემა, რადგან ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოდის.

„მიტოვებულ შენობებთან გავმართავ ბრიფინგს და მილიონობით ქონების განადგურებას ამ ფორმით გავაპროტესტებთ. ამჯერად, ყოფილი ციხის შენობასთან მოვედით, რომელიც წლებია უფუნქციოდაა და ნადგურდება. ქონება იუსტიციის სამინისტროს ბალანსზეა. მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს ან გაყიდოს, ან დაანგრიოს. შენობა დაზიანებულია და საფრთხეს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პირველ რიგში, გადასახედია თვითმმართველობის კანონი. მის ტერიტორიაზე არსებული შენობები უნდა ეკუთვნოდეს თვითმმართველობას და თავად უნდა განკარგავდეს. ეს შენობები ნამდვილად არ ემახსოვრებათ იუსტიციის სამინისტროში, ჩვენი ქალაქისთვის კი პრობლემაა," - განაცხადა გოგი წულაიამ. 

დღის ამბები