პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. ამჯერად დეპუტატების შეკითხვებს მერაბ გაბინაშვილი პასუხობს. მოსამართლე ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ღიად გააკრიტიკეს.
გედევან ფოფხაძის შეფასებით, ხელისუფლება მოსამართლეთა ე.წ. „კლანის“ უზენაეს სასამართლოში მოყვანით, სასამართლოს ინსტიტუტის „ჯიბეში ჩადებას“ ცდილობს. ფოფხაძეს საგანგაშოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ შერჩეული კანდიდატები წინა ხელისუფლების სასამართლო რეჟიმს ამართლებენ.
ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე, რომელიც გასაუბრების პროცესზე არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენს, მიიჩნევს, რომ კანდიდატთა უმრავლესობა საკმაოდ სადაო პროცედურებით იყო ნომინირებული. მშვენიერაძე აცხადებს, მისი კითხვები შეეხება კანდიდატების მიერ გადადგმულ იმ ნაბიჯებსა თუ მოღვაწეობის წლებს, რომელიც საზოგადოებაში გარკვეულ კითხვებს აჩენს. მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ დაინტერესდება იმ საკითხით, თუ რამდენად იზიარებენ მოსამართლეობის კანდიდატები იმის პასუხისმგებლობას, რომ საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობა დაბალია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო.