იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტარებს მოუწოდებენ, საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების დამტკიცებაზე უარი თქვან. ამის მიზეზად ისინი დარღვევებით წარმართულ შესარჩევ პროცესს ასახელებენ. ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მტკიცებით, თითქმის ოცივე კანდიდატი ე.წ კლანის წევრია და "ქართულ ოცნებას" მოსახლეობისთვის მიცემული პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი დარღვევებით წარიმართა, რაც მას არალეგიტიმურს ხდის. მისი შეფასებით, რადგან კანდიდატთა უმრავლესობა არის, ან წარსულში იყო მოსამართლე, თუ ერთ-ერთი მათგანის შერჩევა მაინც მოხდება, ეს ე.წ. კლანის მხარდაჭერას ნიშნავს.
ანა დოლიძის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ე.წ. კლანის წევრებმა მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ სათითაოდ შეარჩიეს. დოლიძის შეფასებით, თუ ამ სიის დამტკიცება მოხდა, ეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აშენებული სასამართლო სისტემის საბოლოო გადაფორმება იქნება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო.