26 აპრილი 2024,   07:26
ვრცლად
"აქ ვიქნები, სანამ კალაძე არ შემხვდება და არ მოისმენს ჩემს გაჭირვებას" - ტაქსის მძღოლების პროტესტი მერიასთან 

ტაქსის მძღოლები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. დღეიდან ტაქსი A და B კატეგორიად დაიყო. B კატეგორიის მძღოლები ქუჩაში მგზავრებს ვეღარ აიყვანენ და ტაქსის ნიშნებიც არ ექნებათ. მძღოლების ნაწილი პირველივე დღეს ასი ლარით დააჯარიმეს. ისინი თბილისის მერიასთან მივიდნენ და ცვლილებები ქუჩიდან გააპროტესტეს. ერთ-ერთ მძღოლს მერის მოადგილე შეხვდა, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

"უნდა გადაგეღება ტაქსი და უნდა გცოდნოდა, რომ ასე იქნებოდაო, მაგრამ ყველამ არ იფიქრა და კიდევ ბევრია დასაჯარიმებელიო. კალაძესთან მინდოდა შეხვედრა, მაგრამ კალაძე არაა საქართველოშიო და მე ვუთხარი, სანამ არ ჩამოვა, აქ ვიქნები-მეთქი, არსად წასვლას არ ვაპირებ და არც არავინ მელოდება სადმე-მეთქი. აქ ვიქნები, სანამ არ შევხვდები და სანამ არ ავუხსნი ჩემს გაჭირვებას,"- განაცხადა ტაქსის მძღოლმა გიორგი გიორგაძემ.

ტაქსის მძღოლების პრობლემების მოგვარებას ითხოვს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი. 

"ბენდელიანს ეყო "ვაჟკაცობა" და ამ ადამიანებს ვერაფერს რომ ვერ დაპირდა და ვერაფერი რომ ვერ მოუგვარა, უთხრა, რომ ხაბეიშვილი რასაც გპირდებათ ქვემოთ, ორჯერ მეტს მე მოგცემთო. უკაცრავად, მაგრამ თქვენ ცოტა შეშლილები ხომ არ ხართ, არავის არაფერს ვპირდები, ეს ადამიანები პირველად ვნახე, იმიტომ რომ დააჯარიმეს, მთხოვეს და მოვედი. მნიშვნელოვანია, რომ ხაბეიშვილზე კი არ გაგიჟდნენ, ეს პრობლემა მოაგვარონ, რომელიც მინიმუმ 25 000 ტაქსისტს  აწუხებს," - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები