21 დეკემბერი 2024,   18:42
ვრცლად
"ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ესეთ ქვეყანაში დავიბადე, ესეთი განათლების სისტემა იყო" - შალვა თადუმაძე 

გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის, მოსმენა პარლამენტში გრძელდება. მას დეპუტატები კითხვებს დიპლომსა და გახმაურებული საქმეების შესახებ უსვამენ. ლევან თადუმაძეს პარლამენტის წევრმა, გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან  კობერიძემ მიმართა და შესთავაზა, ვიდრე დიპლომთან დაკავშირებული საკითხი ბოლომდე არ გაირკვევა, გენერალური პროკურორის უფლებამოსილება შეიჩეროს. როგორც კობერიძემ აღნიშნა, საკითხის სრულყოფილად მოკვლევისთვის პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

“სასწრაფო წესით, თქვენ დროებით ან თქვენი სურვილით, უნდა შეაჩეროთ გენერალური პროკურორის უფლებამოსილება. საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას პარლამენტში, ეს საკითხი უნდა ამოიწუროს და შემდგომ უნდა გაგრძელდეს პროცესი. იმიტომ, რომ სხვა ნებისმიერი პროცესი, მე პირადად მიმაჩნია არასერიოზულად და მიმაჩნია დამაზიანებლად იმ ინსტიტუციისათვის, რომელშიც თქვენ გინდათ, რომ არჩეული იყოთ უვადო მოსამართლედ,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ საკუთარ დიპლომთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ წლების წინ, როდესაც მან აღნიშნული საბუთი  სახელმწიფო უწყებაში წარადგინა და კონკურსში მონაწილეობა მიიღო, მაშინ დოკუმენტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნია. თადუმაძის თქმით, იმ პერიოდში მოქმედი კონონმდებლობით, სწორედ ისეთი დიპლომი გაიცემოდა, როგორიც მას აქვს.   

„მე მინდა სამართლებრივად შევხედოთ ამ პროცესს. ეს არ არის დიპლომი, რომელიც მე დღეს მოვიტანე, ეს არის დიპლომი, რომელიც ზუსტად 18 წლის წინ წარვადგინე სახელმწიფო უწყებაში და მივიღე და კონკურსში მონაწილეობა და იმ სახელმწიფო უწყებას მაშინ არ ჰქონდა არანაირი ეჭვის საფუძველი, იმიტომ, რომ მაშინ მოქმედი კანონმდებლობით, ესეთი დიპლომი გაიცემოდა. მე ვერ ავიღებ ჩემს თავზე 90-იანი წლების განათლების სისტემას, მე შემიძლია ვისაუბრო ჩემს დიპლომზე, მე შემიძლია ვისაუბრო სამართლებრივ შემადგენლობებზე და კითხვებზე, შემიძლია ვისაუბრო პროკურატურაზე, შემიძლია ვისაუბრო სასამართლოზე. ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ესეთ ქვეყანაში დავიბადე, ესეთი განათლების სისტემა იყო. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ შალვა თადუმაძეს არ ჰქონდა ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა ამ ფორმით. არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ არ მაინტერესებს სად იყო გახსნილი, სადაც იყო გახსნილი, სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის მიწისქვეშ გადასასვლელში უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. ეს არის ის შემთხვევა, ჯერ ერთი, რომ გენერალური პროკურორი თავს აძლევს უფლებას ამ ფორმატში გამოვიდეს საზოგადოების წინაშე და ყველაზე კრიტიკულ კითხვებს გასცეს პასუხი, ისე, რომ გენერალურ პროკურორს საკანონმდებლო რეგულაციებით აღნიშნულის ვალდებულება არ გააჩნია, მაგრამ ამ ფორმატში, მე ვალდებული ვარ, როგორც კანდიდატი, გამოვიდე და ვისაუბრო ყველა თემაზე და მეორე, გაიხსენეთ შემთხვევები, რომელ დეპუტატს შეეძლო მოქმედი გენერალური პროკურორისთვის ისეთი შეურაცხყოფები მიეყენებინა, რომელიც მე აქ მოვითმინე და ეს თმენის ვალდებულება, მე მგონი ჩემს დადებით მხარეზე მეტყველებს,“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ.  



დღის ამბები