21 დეკემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ვითარება დავით გარეჯში - სასულიერო პირები ბაქოს მხრიდან სამონასტრო კომპლექსის კუთვნილი ტაძრების მისაკუთრების საფრთხეს ხედავენ 

ვითარება დავით გარეჯში - ქედს მეორე მხარეს აზერბაიჯანული სასაზღვრო ბაზა მდებარეობს და ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ბილიკს გაუყვება, დააკავებენ. სასულიერო პირები პროცესს უკვე ნახევარი წელია აკვირდებიან და შიშობენ, რომ ოფიციალურმა ბაქომ, შესაძლოა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილი ტაძრები მიისაკუთროს.

სამონასტრო კომპლექსის ორი ტაძარი უკვე რამდენიმე თვეა დაკეტილია. უსიამოვნო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ადგილზე ქართველი მესაზღვრეები დგანან და აღდგომისა და ჩირუხის ტაძრებამდე მისვლის უფლებას არავის აძლევენ.  

დავით გარეჯთან აზერბაიჯანული სასაზღვრო ბაზის შესახებ ინფორმაციას ფლობს მოლაპარაკებებში ქართული მხარის ხელმძღვანელი. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ამბობს, ექსპერტების დონეზე მუშაობა დასრულებულია და ახლა ოფიციალური თბილისი ბაქოს მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება. დავით გარეჯთან არსებულ სიტუაციაზე საგარეო უწყება იცნობს საქართველოს პატრიარქის პოზიციასაც.

გარეჯის თემაზე საუბარი, სავარაუდოდ, საქართველოს პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორისაც შედგა. გიორგი გახარია ბაქოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა, მთავრობის მეთაურს ვიზიტის წინ საგანგებო წერილით პატრიარქმაც მიმართა. ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს პრობლემის მოგვარებაში პირადად ჩართვა სთხოვა.

დავით გარეჯში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც. დავით ქაცარავა, რომელიც დღეს ადგილზე იყო ჩასული, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობამ დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირება დღეიდან განაახლა. არ არის გამორიცხული აქციების ხელახლა დაწყება. 

 

დღის ამბები