22 დეკემბერი 2024,   10:24
ვრცლად
უბედური შემთხვევა თუ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლული კიდევ ერთი ქალი - გაუხსნელი საქმე

31 წლის ნინო ჭიღლაძის საქმე, რომელიც ახალციხეში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, დღემდე გაუხსნელია. რამდენიმე გამოკვლევით გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქალს თავში ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული. მტკიცებულებების სიმწირის გამო, პროკურატურა კვალიფიკაციას ვერ ცვლის და საქმე გაუხსნელია.

უბედური შემთხვევის ვერსია პროკურატურამ კითხვის ნიშნის ქვეშ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დააყენა. დოკუმენტში, რომელიც გასაიდუმლოებულია, წერია, რომ ნინო ჭიღლაძემ გონება თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით დაკარგა. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნდა, რომ ახალგაზრდა ქალი მოკლულია. დაზიანებები, რომელიც ბუნებრივი სიკვდილის ვერსიასთან წინააღმდეგობაში მოდის, დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმაც ამოიკითხა, რომელმაც საქმის მასალები სრულად შეისწავლა.

დამოუკიდებელი ექსპერტი "კურიერთან" ადასტურებს, რომ ბევრი ისეთი გარემოებაა, რაზეც თუ გამოძიება სწორი მიმართულებით წავა, ჭეშმარიტება დადგინდება. მათ შორის დასაზუსტებელია, როგორ აღმოჩნდა დაზიანებები იმ მამაკაცის სხეულზეც, რომელიც გარდაცვალების დროს ნინო ჭიღლაძესთან ერთად იყო. ერთ-ერთი ვერსიით, მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რაც ტრაგედიით დასრულდა. ამას კატეგორიულად უარყოფს ბრალდებების ადრესატი იმედა გაბოძე.

იმედა გაბოძე "კურიერს" საქმის საეჭვო გარემოებებზე სასაუბროდ ინტერვიუზე არ დათანხმდა. თუმცა, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ თავისი და გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები ჩქმეტამ განაპირობა, რაც დამოუკიდებელი ექსპერტისთვის ნაკლებად სარწმუნოა.

გარდაცვლილის ოჯახი მომხდარის დღიდანვე ამტკიცებს, რომ გაბოძეს მკვლელობასთან კავშირი აქვს, პოლიციას კი რეალური ფაქტები დაუმალა. ამ საეჭვო გარემოებების მიუხედავად, იმედა გაბოძე მხოლოდ გამოკითხულია. ის თავიდან მიმალვაში იყო, ბოლო პერიოდში კი სოფელში დაბრუნდა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ,  სავარაუდო დამნაშავე მათ გაჩუმებას სთხოვს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

ერთ-ერთი ვერსიით, მეგობრებს შორის დაპირისპირების მიზეზი ნინო ჭიღლაძის გადაწყვეტილება იყო, რომ ყოფილ ქმართან დაბრუნებას აპირებდა, ეს კი გაბოძეს ტელეფონით შეატყობინა. ამის შემდეგ, გარდაცვლილის მობილური ტელეფონის კვალი იკარგება და გამოძიებამ ამ დრომდე ვერ მიაგნო. ადვოკატები, რომლებიც დაზარალებულის ინტერესს იცავენ, ფიქრობენ, რომ მტკიცებულებების შეგროვება იმ მარტივი მიზეზის გამო გაჭიანურდა, რომ შემთხვევის ადგილი გამომძიებლებმა ზედაპირულად დაათვალიერეს.

გარდაცვალების რეალური ისტორიის ერთადერთი თვითმხილველი სწორედ იმედა გაბოძეა. საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება მაგრამ დანაშაულის კვალიფიკაცია ჯერ არ შეცვლილა. ძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები