ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში გაბუნიას დაბარება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეს უკავშირდება. კომენტარი მედიასთან გიორგი გაბუნიას უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა. ადვოკატის მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნიას გამოკითხვაზე დაბარების მიზანი ნიკა გვარამიას დაკავება და ამით "მთავარი არხის" განეიტრალებაა:
"ძირითადი მიზანი ამ შემთხვევაში პროკურატურის, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის, არის ნიკა გვარამიას დაკავება და ამის მეშვეობით "მთავარი არხის" განეიტრალება და მისი მაუწყებლობის შეფერხება, რაც აქამდე ვერ მოხერხდა და ვერც მომავალში მოხერხდება, გამოძიებას ექნება ალბათ იგივე კითხვები, რა კითხვებიც ჰქონდა ნოდარ მელაძესთან, გიორგი ლაფერაშვილთან და ზაალ უდუმაშვილთან,"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.