რკინის ახალი ბადეები 11 თვის წინ დამონტაჟებულ ბოძებზე - ატოცში უკანონო ბორდერიზაცია ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგრამ ისევ ჩანს ერთი დღის წინ დაწყებული უკანონო პროცესის კვალი.
"კურიერის" გადამღები ჯგუფი ქართველმა სამართალდამცველებმა სოფელში რამდენიმე საათის წინ შეუშვეს. საოკუპაციო ჯარის ის წარმომადგენლები, რომლებმაც გუშინ მავთულხლართების გაბმა დაიწყეს, დღეს საოკუპაციო ზოლთან აღარ გამოჩენილან, მაგრამ ე.წ. სასაზღვრო ნაგებობის მეორე მხრიდან რუსი სამხედროების პატრულირება გრძელდება.
ატოცში მცხოვრებ მოსახლეობასაც საკუთარ სახნავ-სათეს მიწებზე გასვლის საშუალება მიეცათ და ისინი უკვე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს აწარმოებენ.
"აქ საფრთხე ყოველთვის არის, რადგან საზღვართან ახლოს ვართ, ერთი კილომეტრია საზღვრამდე. პოლიციის გარეშე მაინც ვერ ამოვდივართ ხოლმე. გუშინაც ამოვედი ჩემს მიწის ნაკვეთზე, მაგრამ მითხრეს, რომ მომეცადა,“ - აღნიშნა ატოცის მცხოვრებმა, რობინზონ გულიგაშვილმა.
ატოცში ჟურნალისტებთან ერთად ანტისაოპკუპაციო მოძრაობის წევრები და ქართველი სამართალდამცველები იმყოფებიან.
მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა და რუს ოკუპანტებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა.
"შემოიღობა 148 ბოძი, 330 მეტრი დაახლოებით, რომლის ინსტალაცია ჩვენ 11 თვის წინ შევაჩერებინეთ და მას შემდეგ, ერთი მეტრითაც ვერ გადმოდიოდნენ ოკუპანტები. გუშინ ეს რეალობა შეიცვალა. ვაგრძელებთ პატრულირებას. გუშინ პოლიცია დაგვემუქრა, რომ თუ არ დავწყნარდებით, ატოცშიც აღარ შემოგვიშვებენ,“ - განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა დავით ქაცარავამ.