18 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
"გავიქეცი თავის მოსაკლავად და არა იმისთვის, რომ მივმალულიყავი"- მესტიაში ძმის მკვლელობის საქმეზე ბესიკ არღვლიანს პატიმრობა შეეფარდა

მესტიაში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს ბესიკ არღვლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რითაც მან პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის შეფარდების შესახებ დააკმაყოფილა. თავის მხრივ, საგამოძიებო ორგანომ აღნიშნული შუამდგომლობა მიმალვის საფრთხის არსებობისა და დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით დააყენა.

ბრალდებული თავს დამნაშავედ მიიჩნევს. ამასთან, მან მოსამართლეს სთხოვა, რომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდებინა.

"მანქანა, რომ მიმეცა იმ ღამით, არაფერი მოხდებოდა. მე დამნაშავედ ვგრძნობდი თავს ჩემი ძმის წინაშე და მაგიტომ გავიქეცი თავის მოსაკლავად და არა იმისთვის, რომ მივმალულიყავი," აღნიშნა არღვლიანმა.

პროკურორის მირანდა მუმლაძის ინფორმაციით, ბრალდებულს სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.

მესტიაში მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცმა საკუთარი ძმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მოკლა.

დღის ამბები