18 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ერგნეთის უშედეგო მოლაპარაკებები - რა ენაზე უნდა ესაუბროს თბილისი საოკუპაციო რეჟიმს

საოკუპაციო ზოლთან ვითარება დაიძაბა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმმა ევროკავშირის დამკვირვებლების დაკავების პარალელურად ე.წ. შეიარაღებული ძალები საბრძოლო რეჟიმზე გადაიყვანა და განაცხადა, რომ მიზანი სწავლებაა.

უშედეგოდ დამთავრდა დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. ევროპელი დამკვირვებლების დაკავება ინციდენტების პრევენციის ჯგუფის მხოლოდ ქართველმა წევრმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ შეაფასა. ანთაძისგან მედიამ მხოლოდ ის გაიგო, რომ დამკვირვებლების დაკავების საკითხი განიხილეს, თუმცა პირობა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ანალოგიურ ქმედებას არ განახორციელებს - ქართულმა მხარემ ვერ მიიღო.

დღევანდელ შეხვედრაზე ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ წაუყენეს ულტიმატუმი - საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს აღებას ითხოვს. ოფიციალური თბილისი კვლავ უარზეა. სანამ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ცხინვალში საბრძოლო-სასწავლო განგაში გამოაცხადეს და სამხედრო დაჯგუფებები ძარწემის პოლიგონზე გადაისროლეს.

საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებით, განსაკუთრებით კი ევროპელი დამკვირვებლების დაკავების ფაქტით აღშფოთებას ვერ მალავენ ოფიციალური თბილისისა და ბრიუსელის წარმომადგენლები. საკითხს ევროკავშირის წარმომადგენლები 26 ოქტომბერს მოსკოვში გამართული შეხვედრებისას განიხილავენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავებას ხელისუფლების დამთმობ პოლიტიკას უკავშირებენ ოპოზიციაში.

სანამ დამკვირვებლების დაკავების თემაზე პოლიტიკოსები შეფასებებს აკეთებენ, ჩორჩანის მცხოვრებლები საოკუპაციო რეჟიმთან მხოლოდ ერთი პოლიციის საგუშაგოს იმედად რჩებიან. ადგილობრივების შიში განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მათი სოფლის ტყეში უცხოელი დამკვირვებლები დააკავეს.

ის, რისიც ჩორჩანელებს ეშინიათ, დღეს კიდევ ერთხელ ღიად გამოჩნდა ატოცში. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამჯერად ცხენებით პატრულირებდნენ - ფაქტი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა გადაიღეს.

ევროპელი მონიტორები ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე 24 ოქტომბერს დააკავეს. ისინი ოკუპანტებს 4 საათის განმავლობაში ჰყავდათ შეჩერებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები