ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გახდა. როგორც "ბანკებისა და ფინანსების" ასევე "მედიის განვითარების ფონდის" წარმომადგენლები "კურიერთან" საუბარში აცხადებენ, მათთვის მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია. ამ დრომდე საკუთარი საიტის გამოყენებას ისინი ვერ ახერხებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ორივე ვებგვერდი გათიშული იყო და ეკრანზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო, სლოგანით "მე დავბრუნდები" ჩნდებოდა.
გიორგი კეპულაძე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო მომავალში მსგავს კიბერშეტევებს უფრო მომზადებულად შეხვდება. ის იხსენებს საქართველოზე 2008 წელს მომხდარ ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევას, რომელმაც მათი ორგანიზაცია ძალიან დააზარალა.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა როგორც თვითონ გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, ამ საკითხში ქვეყანა დიდად წინ ვერ წავიდა.
კიბერშეტევის შედეგად "მედიის განვითარების ფონდის" ვებგვერდიც პარალიზებული იყო. ფონდის წარმომადგენლის ნანა რაფავას განცხადებით, პრობლემის აღმოჩენისთანავე მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.
როგორც შსს-ში "მედიის განვითარების ფონდს" განუცხადეს, ეს და სხვა მსგავსი კიბერთავდასხმის შემთხვევები შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს გადაეგზავნება, რომელიც მომხდარ ყველა ფაქტს გამოიძიებს.