ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა, მეუფე პეტრემ ილია მეორისგან შეტყობინება მიიღო, მას უარი უთხრეს ეპარქიაში დროებით დარჩენაზე და ჭყონდიდის დატოვება უახლოეს დღეებში მოსთხოვეს. ეს ერთ-ერთია კათოლიკოს-პატრიარქის ორი მოთხოვნიდან. უკვე ცნობილია, რომ მეორე მოთხოვნას დასჯილი მეუფე არ შეასრულებს და შიომღვიმეში გამწესების ნაცვლად თბილისში წავა.
"მე ვემორჩილები ამ თუნდაც უსამართლო გადაწყვეტილებას, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდს. როგორც მითხრეს ხვალ ჩამოვა ჯგუფი და რამდენი დღე დასჭირდება ამ აღწერას. შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ წავალ თბილისში. მე როგორც მეუფემ მითხრა, პატრიარქმა თქვა საკუთარი მოსაზრება, რომ ჯობია წამოვიდესო. კი ბატონო, ვეთანხმები, თუ ჯობია... ამით მე პასუხისმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა და არ დარჩენოდა მრევლს იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი," - განაცხადა მეუფე პეტრემ
მისი თქმით, შესაძლებელი იყო, რომ ის მმართველ ეპისკოპოსად დაეტოვებინათ, თუმცა საპატრიარქომ ეს არ გააკეთა:
"მე შეზღუდული მაქვს მღვდელმოქმედება, მართვა არ მაქვს შეზღუდული. შეიძლებოდა არათუ კეთილი ნების, კანონის შემთხვევაში, რომ მღვდელმოქმედების გარეშე დავრჩებოდი, როგორც მმართველი ეპისკოპოსი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ უნდათ და ისევ უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილებებით არიან. ფაქტიურად ძალადობს საპატრიარქო კანონზე,"- აღნიშნა ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა.
მეუფე პეტრესთან ერთად ჭყონდიდის ეპარქიას სხვა სასულიერო პირებიც დატოვებენ. უკვე ცნობილია, რომ ეპარქიას ტოვებს იღუმენია თამარ გამყრელიძე. ეპარქიის ყოფილ მმართველთან ერთად ჭყონდიდის დატოვებას აპირებს რამდენიმე მონაზონიც:
"სადაც იქნება მეუფე იქ წავალთ, იმიტომ, რომ მეუფეს მხარეს არის სიმართლე და მივყვებით სიმართლეს,"-აცხადებს ერთ-ერთი მონაზონი.
დღეს ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მმართველს ლოცვა ცარიელ ეკლესიაში მოუწია. მრევლი მეუფე გრიგოლთან ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში არ მივიდა. სამეგრელოში ჩასულმა ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა დღეს თქვა, რომ ჭყონდიდიდან მეუფე პეტრეს გაშვება ილია მეორეს ჯერ კიდევ 3 წლის წინ სურდა, თუმცა მაშინ სინოდის წევრების თხოვნით ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს.
"გავიდა 3 წელი, მე მგონი 2017 წელს უწმინდესმა ბრძანა, რომ უნდა შევუცვალოთ ეპარქია მეუფე პეტრეს, იმ დროს სინოდმა სთხოვა უწმინდესს, რომ თუ შეიძლება, რომ ახლა მივცეთო გაფრთხილება, ერთი, ორი, სამი... გავიდა 5 სინოდი და იმის მერე ასეთი სიტუაციაა. ეს კიდევ მიიღო ერთი გაფრთხილება, უწმინდესის კურთხევით ჩამოვედი და ვუთხარი, რომ შეურიგდეს პატრიარქს, შეურიგდეს მღვდელმთავრებს. მეუფემ თქვა, - მე მივდივარ ბოლომდე.
კიდევ ვამბობ, ამ სინოდზე მეუფეები ადგნენ და უთხრეს, - მეუფევ არ გინდა, რატომ აკეთებ... ის მეუფეები, რომლებმაც სთხოვეს პატრიარქს 2017 წელს, ახლა სთხოვეს მეუფე პეტრეს, არ გააკეთო, გეხვეწები, ძმურად, მეგობრულად... მივიღეთ შედეგი ეს..." - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მასზედ, რომ მეუფე პეტრე პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებას ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ამზადებდა საუბრობს მამა შალვა კეკელიაც. ის ყოფილ მღვდელმთავარს პოლიტიკურ დაინტერესებაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ მეუფე პეტრეს ეპარქიაში რეალური მხარდამჭერები არ ჰყავს.
"ეპარქია პოლიტიკური თავშესაფარი გახადეს, ტაძარში სადაც მეუფე მსახურობდა მრევლი ლოცვებზე არ დადიოდა, ადამიანი განკვეთეს და ეპარქიაში 50 ადამიანი ვერ მოიძებნა, რომ მის გვერდით დამდგარიყო, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანი იმ რაიონში არავის არ უყვარს, მე იმ რაიონში დავიბადე და გავიზარდე, ტაძრის და ეპარქიის აშენება არ ნიშნავს, რომ ადამიანის სულებს აშენებ,"- ამბობს მამა შალვა კეკელია.
რა მოხდება თუ მეუფე პეტრე ილია მეორეს მოთხოვნას შიო მღვიმეში გამწესებასთან დაკავშირებით არ შეასრულებს - საპატრიარქო ამ თემაზე განმარტებებს აღარ აკეთებს. დღეს საპატრიარქოს იურისტმა ყოფილი მღვდელმთავარი საერო სახელით მოიხსენია. როგორც ქარჩავამ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, ის მას არც სასულიერო პირად მიიჩნევს და მისთვის ჩვეულებრივი მოქალაქეა:
"მოქალაქე პაატა ცაავაზე მე განცხადებას არ გავაკეთებ," - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
ახლა ჭყონდიდში იურისტებსა და ეკონომისტებს ელოდებიან, სამუშაო ჯგუფმა აღწერა უნდა ჩაატაროს და გაარკვიოს რა უძრავ-მოძრავ ქონებას ტოვებს მეუფე პეტრე. აღწერის პროცედურა დასრულდება და 13-წლიანი მმართველობის შემდეგ მეუფე პეტრე ეპარქიას დატოვებს.