თარიღი უცნობია, თუმცა კრემლში აზუსტებენ, რომ ახლა უკვე სენატორი კარასინი ზურაბ აბაშიძესთან მოსალაპარაკებლად ჩეხეთს ისევ ეწვევა. მას შემდეგ, რაც სექტემბერში რუსეთის ხელისუფლებამ მინისტრის მოადგილე კარასინი საგარეო უწყებიდან დაითხოვა, ის რუსეთის დუმის ფედერაციული საბჭოს წევრია. პრაღის ფორმატში კი კვლავ რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს.
ზურაბ აბაშიძის თქმით, შესაძლოა კარასინს მოლაპარაკებებში უფრო მეტი შესაძლებლობები გაუჩნდეს მას შემდეგ, რაც ის აღარ არის საგარეო უწყების ჩარჩოში მოქცეული:
"საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ახლა ფედერაციის საბჭოს წევრია, არა მგონია, რომ ამ სტატუსით ნაკლებია. ვერ გეტყვით ვნახოთ, იქნებ მას უფრო მეტი შესაძლებლობა ქონდეს, ნაკლებად იყოს შებოჭილი, მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარჩოებში. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მას აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობის მანდატი,"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძის პათოსს არ იზიარებენ ოპოზიციაში, სადაც რუსეთთან პირდაპირ დიალოგს წლებია ეწინააღმდეგებიან, რანგში დაქვეითებული კარასინი კი ოპოზიციაში დამატებით დაბრკოლებად აღიქვეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბარამიძის თქმით, არავინ უარყოფს, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმას, რომ მოლაპარაკებებზე საქართველო რუსეთთან მარტო არ უნდა იყოს, კარასინი-აბაშიძის ფორმატით კი რუსეთი ცდილობს რომ საქართველოსთან მარტო დარჩეს, რათა მეტი ზეწოლის საშუალება ჰქონდეს:
"პიროვნებებს, რომელი წარმოადგენს ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას თუ პუტინის მთავრობას, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენთვის პრობლემატური ის არის, რომ ცდილობს რუსეთი გამოგვიყვანოს მათთან დიალოგის იმ ფორმატიდან, ეს დიალოგი აუცილებელია, ამას არავინ უარყოფს, სადაც ჩვენ მარტო არ ვართ რუსეთთან, სადაც მას ადვილად შეუძლია ხელი გადაგვიგრიხოს,"- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია დიპლომატიურ პრობლემას და არანორმალურ ვითარებას უწოდებს ფაქტს, რომ თანამდებობის ცვლილების მიუხედავად, პრაღის ფორმატში რუსეთის წარმომადგენლად გრიგორი კარასინის დარჩა. ბოკერიას თქმით, მოლაპარაკებებში ერთნაირი სტატუსის ადამიანები უნდა მონაწილეობდნენ:
"რაც შეეხება სპეციფიკურად კარასინის საკითხს, აქ უბრალოდ დიპლომატიური პრობლემაა, თუ მას სტატუსი არ აქვს და ისე არის მოჩენილი, ეს არანორმალური ვითარებაა და წესით და რიგით ერთი და იგივე სტატუსის ადამიანები უნდა იყვნენ ჩართული, როგორც ჟენევის მოლაპარაკებებში ან რაიმე სხვა ფორმატი თუ არსებობს. თუმცა თქვენ იცით, რომ ჩემი და "ევროპული საქართველოს" პოზიციაა, რომ ამ ტიპის ყველა საუბარი ჟენევის ფორმატის ფარგლებში ჯობია რომ იყოს, თუნდაც ცალკე არხი იყოს, ოღონდ ეს ყველაფერი იყოს ამ ფარგლებში,"- აცხადებს გიგა ბოკერიამ.
აზრს იმის შესახებ, რომ პრაღის ფორმატი არაეფექტურია, არ იზიარებენ მმართველ გუნდში,"ოცნებაში" ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი გარღვევების იმედი არც კარასინით და არც მის გარეშე ჰქონიათ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის შეფასებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატში ბევრი რამ გაკეთდა და შესაბამისად რუსეთის ხელისუფლებამაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავისი წარმომადგენელი არ შეეცვალა:
"ვინ იქნება წარმომადგენელი, სამართლებრივ ნაწილში როგორ არის ეს, ჩემთვის დიდ ინტერესს არ წარმოადგენს. თუმცა ფაქტია, რომ კარასინი 2013 წლიდან არის ამ მოლაპარაკებებში ჩართული, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა რაც იმ ფორმატში შესაძლებელი იყო და მე ვფიქრობ, რომ მიიღეს გადაწყვეტილება არ შეეცვალათ თავისი წარმომადგენელი,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, მას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ ფორმატში კარასინის სხვა ადამიანით ჩანაცვლებით რამე პრინციპულად შეიცვლებოდა, ამიტომ ფორმატში კარასინის დარჩენას უფრო პოზიტიურ მოვლენად აფასებს, ვიდრე ნეგატიურად:
"რადგან ეს წლების განმავლობაში საუბრის აწყობილი ფორმატი იყო, ამ განწყობით იქნება შენარჩუნება. ვინც არ უნდა დაენიშნათ, მე განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონდა, რომ რაღაც ახალი ტალღა იქნებოდა დათბობის ან დარეგულირების, ამიტომ ვფიქრობ უფრო პოზიტიურია ვიდრე ნეგატიური. პირდაპირი დიალოგი გვაძლევს იმას, რაც მოგვცა 2013-14 წლებში, აღდგა გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური კავშირები, რამაც ჩვენს მეწარმეებს გარკვეული შედეგი მისცა," - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილმა.
არაერთგვაროვანია აზრები საექსპერტო წრეებშიც. ანალიტიკოსთა ნაწილისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას,თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას,რადგან დირექტივები მაინც კრემლს ეკუთვნის . ნაწილისთვის კარასინის ფორმატში დარჩენით კრემლმა თბილისს სიგნალი გაუგზავნა, რომ ურთიერთობის დეესკალაცია გაჭიანურების გარეშე სურთ.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსეთს ურთიერთობების 20 ივნისამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნება სურს და ამისთვის იყენებს აბაშიძე-კარასინის დიდი ხნის ნაცნობობას, რაც დიპლომატიაში მნიშვნელოვანია:
"კარასინი და აბაშიძე ერთმანეთს იცნობენ დიდი ხანია, 70-იანი წლებიდან და დიპლომატიაში ასეთ პირად ურთიერთობებს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. აშკარაა რომ რუსეთს უნდა სიტუაციის გამოსწორება და ურთიერთობის დაბრუნება იმ ნიშნულამდე, რომელიც იყო 20 ივნისამდე. კარასინის შეცვლა და ვიღაცა ახლის მოყვანა, ჯერ სანამ ნდობა ჩამოყალიბდებოდა აბაშიძესა და ახალ "კარასინს" შორის, ბუნებრივია დრო გავიდოდა,"- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
რუსეთთან პირდაპირი დიალოგის საფრთხეებზე საუბრობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ბათუ ქუთელია, მისი თქმით, ცენტრალიზებული ავტორიტარული რეჟიმის სახელით რომელი დიპლომატი ილაპარაკებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს:
"ყოველთვის იყო მცდარი მოსაზრება, საუბარი ორ რუსეთზე, კარგი რუსი დიპლომატი-ცუდი რუსი დიპლომატი. რუსეთს დღეს მართავს ავტოკრატიული რეჟიმი , რომლის ამოცანაც საქართველოსთან მიმართებაში არის ის, რომ საქართველო არ შედგეს დემოკრატიულ ქვეყანად. რუსეთი არის №1 მტერი, აქედან გამომდინარე, ამ ცენტრალიზებული ავტორიტარული რეჟიმის სახელით რომელი დიპლომატი ილაპარაკებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ჩვენ რა პოზიცია გვექნება, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩვენი ძლიერი მხარე არის ინტერნაციონალიზაცია ყველა პროცესის, გამჭვირვალობა მოლაპარაკების ფორმატის, ასეთ შემთხვევაში ბევრი წარმატებები გვაქვს მიღწეული, ხოლო კარასინი-აბაშიძის ტიპის ფორმატები აზიანებს ჩვენს ინტერესებს,"- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
პრაღის 23-ე რაუნდმა ივნისში კონკრეტული შედეგის გარეშე ჩაიარა, მომდევნო რაუნდზე პრემიერის მრჩეველი სავაჭრო თუ ჰუმანიტარულ საკითხებთან ერთად რუსეთ საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხსაც დააყენებს,რომელიც გავრილოვის მოვლენების შემდეგ პუტინმა აკრძალა.