სოფელ ნაწულუკუს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მაგიდაზე თავჩამოდებულებს სძინავთ. ვიდრე საწოლები ექნებათ ბალიში აქ ძილისთვის საჭირო ერთადერთი ატრიბუტია.
აღსაზრდელებს საერთოდ არ აძინებენ ზუგდიდის ნომერ მეცხრე საბავშვო ბაღში. მასწავლებლები მათ მიერ დანერგილ და წლობით გამოცდილ მეთოდზე გვიყვებიან, - თუ შეამჩნიეს, რომ ბავშვს ძილი მოერევა, მის გამოფხიზლებას სხვადასხვა აქტივობით ცდილობენ.
"ჩვენ ასეთ დროს ვატარებთ ისეთ რაღაცებს, მაგალითად საუბრებს, თამაშს, რომ ბავშვი განიტვირთოს და ჩაერთოს ჩვენთან ერთად და არ ჩაეძინოს,"- ამბობს ქალაქ ზუგდიდის #9 საბავშვო ბაღის გამგე მარიამ სარჩიმელია.
დარჩელის საბავშვო ბაღში, აღსაზრდელებს იატაკზე დაგებულ ლეიბებზე ეძინათ. მას შემდეგ, რაც ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, ადმინისტრაციამ გაფრთხილება მიიღო და პრობლემასთან ბრძოლის განსხვავებულ მეთოდს მიმართა.
პედაგოგები ამბობენ, რომ საძინებლის არარსებობის გამო მშობლებისგან პრეტენზიები არასდროს მოუსმენიათ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საძინებელი 24 საბავშვო ბაღს არ აქვს. მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, ის არის, რომ შენობების ნაწილში ამ დრომდე დევნილები რჩებიან.
"საძინებელი ცალკე უნდა იყოს როგორც ასეთი, მაგრამ ერთად არის და რომ გვქონდეს ფართი უკეთესია ჩვენთვის,"- ამბობს ირმა გვარამია სოფელ ინგირის #1 საბავშვო ბაღის მედდა.
სოფელ ინგირის საბავშო ბაღის პედაგოგებმა უძილობასთან ბრძოლის განსხვავებულ გზას მიმართეს. აქ ერთ ოთახს სათამაშო სივრცედ, საძინებლად და ბავშვების გამოსაკვებად ერთდროულად იყენებენ. მიზეზი ის არის, რომ შენობის ნაწილში შესახლებულმა დევნილებმა ბაღის ინფრასტრუქტურა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის უკვე აითვისეს.
"რომ გვქონოდა სათამაშო მოედნები კარგი იქნებოდა, ზოგან ბოსტნით არის დაკავებული, ზოგან ხეხილი დარგეს, ზოგან რაღაც ნაგებობები ააშენეს. ვერც ამ ხალხს ვერ დავუშლით ამის გაკეთებას, არის გარკვეული პრობლემები, ხმაური ვთქვათ, ჩვენ რომ ბავშვებს ვაძინებთ, ისინი შეშას ხერხავენ და ასე შემდეგ,"-აცხადებს "კურიერთან" საუბრის დროს ხათუნა ჯგერენაია სოფელ ინგირის #1 საბავშვო ბაღის გამგე.
ბავშვებთან ხმაურიან თანაცხოვრებაზე ჩივიან დევნილებიც, ამბობენ, რომ ოჯახური სიმყუდროვის მოსაპოვებლად მათი ბრძოლა წლებია უშედეგოდ გრძელდება.
მოცდის ხანგრძლივობა ყველა შემთხვევაში ინდივიდუალური იქნება. ხელისუფლების ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად 7 ახალი ბაღის მშენებლობის დაწყება მომავალი წლიდან იგეგმება, ერთი პროექტი კი უკვე თითქმის დასრულებულია.
ბოლო მონაცემებით, კომპაქტურად ჩასახლებული ჯგუფები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღში რჩებიან. იმ სააღმზრდელო დაწესებულებებში, რომელიც დევნილებმა უკვე დაცალეს, საძინებლების მოწყობა ჯერ ვერ მოხერხდა. შენობების რემონტისთვის თანხები ბიუჯეტში ვერ გამოიძებნა.
ავტორი:სალომე ფაცაცია