18 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
"3 წელიწადში არც ერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, წყალტუბოს პროექტიდან სარგებელს ათასობით ადამიანი ნახავს" - ბიძინა ივანიშვილი 

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "Entrepreneur Georgia-სთან" ინტერვიუში წყალტუბოს განვითარების პროექტზე საუბრობს.

ივანიშვილი წყალტუბოს განვითარების პროექტის შესახებ დეტალურ განმარტებას აკეთებს, თუ როგორ და რა პირობით გამოისყიდის ქალაქში არსებულ სასტუმროებს.

"რაც შეეხება თქვენს შეკითხვას წყალტუბოს ობიექტების გამოსყიდვის შესახებ, რა თქმა უნდა, სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს. მალე უნდა გამოცხადდეს საინვესტიციო პაკეტი. სწორი იქნება და უნდა შევეცადოთ, რომ ცალ-ცალკე გამოვიდეს ობიექტები, რათა ვისაც რა უნდა, ის შეიძინოს," - განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილი განმარტავს, ობიექტების გამოსყიდვა ტენდერით მოხდება თუ აუქციონის წესით, სახელმწიფო კანონის ფარგლებში განისაზღვრება და ამ წესს დაემორჩილება ყველა დაინტერესებული პირი.

"იქნება ტენდერი თუ აუქციონი, სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და რა თქმა უნდა, მეც და ყველა დაინტერესებული პირი მას დავემორჩილებით. წინასწარ ვამბობ და ვეუბნები ბიზნესსაც, რომ ეს იქნება ყველასთვის ძალიან საინტერესო და მომგებიანი საქმე, რადგან ეს სასტუმროები 12 თვის განმავლობაში იქნება დატვირთული. ამ პროცესში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ყველა სასტუმრო გაიყიდოს სხვა კერძო ინვესტორებზე, და პრაქტიკულად, მე აღარც ერთი სასტუმროს შეძენა არ მომიწიოს.  რაც არ გაიყიდება, მე ვარ მყიდველიც და გამკეთებელიც 3 წელიწადში," - ამბობს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, მისი ფაქტორი ერთგვარი გარანტიაა, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

"მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი როლი ამ პროექტში, მე ვარ ერთგვარი გარანტორი და დამზღვევი, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მოდელი ასეთია – რაც არ გაიყიდება, იმას შევიძენ. ვფიქრობ, მშენებლობის პროცესშიც მოხდება დაინტერესება ბიზნესის მხრიდან. როგორც წერილში განვაცხადე, მზად ვარ, ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. მაქსიმალური ფასი მხოლოდ პროექტზე დახარჯული თანხა იქნება.

ამავე პროცესშიც დავეხმარები იმ ბიზნესსაც, ვინც უკვე ფლობს იქ სასტუმროებს და არ მოისურვებს გაყიდვას – მთავარია, მათი მაღალი ხარისხი დავიჭიროთ, ამას კი დამატებითი ინვესტიციები დასჭირდება. ზოგს შესაძლოა, თანაინვესტირების ფონდის საშუალებით დავეხმარო, ზოგს იაფი რესურსის მოძიებით, ან სხვა სახით, როგორც ბიზნესს დასჭირდება. თუ ასე არ მოხდა და ბიზნესმა ამ ეტაპზე მაინც თავი შეიკავა, ყველას ობიექტს მე შევიძენ და დავასრულებ," - განმარტა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც მთავარია, მე ზოგადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში მივეხმარები სახელმწიფოს. რასაც თავად ვერ გაწვდება, ჩემი ხარჯებით დავაფინანსებ. იქ მთელი ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, წყლის რესურსის სწორი გამოყენებით, ერთიანი სპასისტემის შექმნით. ერთი და ორი სასტუმროს გაკეთებას აზრი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოხდეს კომპლექსურად, ერთიანი გეგმის ფარგლებში.

როცა ბიზნესი დაინახავს, რომ ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა და 3 წელიწადში შესაძლოა სერიოზული შემოსავლები მიიღოს, საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ბიზნესმენი და დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან უზარმაზარი ინტერესი იქნება. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა აბასთუმანში.

რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა, მინდა გავაწბილო ისინი – ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არც ერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი ათასობით ადამიანი ნახავს.

მთავარია პროცესზე დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი. ერთიანი კონცეფციის ფარგლებში გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებები, შენობების არქიტექტურული და კულტურული ღირებულების შენარჩუნების პირობები და ობიექტების დასრულების ვადები მკაცრად უნდა იყოს დაცული," -  აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები