საქართველოს ერთი მოქალაქე მსახურობდა ბერძნულ გემზე, რომლიდანაც მეკობრეებმა მეზღვაურები გაიტაცეს. შემთხვევა აფრიკის წყლებში მოხდა.
ინფორმაციას გატაცებულთა შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს. გემზე იმყოფებოდა შეიარაღებული დაცვა, ბერძნული მედიის ინფორმაციით დაჭრილია დაცვის წევრი.
საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის ზაზა მახარაძის თქმით, მუდმივი კავშირი აქვთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე საბერძნეთში საქართველოს საელჩო უკვე დაუკავშირდა გემის ოპერატორ კომპანიას. ზაზა მახარაძის თქმითვე, კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაკარგული ეკიპაჟის წევრები დააბრუნონ.
ამ ეტაპამდე უცნობია გამტაცებელი მეკობრეების მოთხოვნა.