პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის საბჭოდან გამოწვევის უფლებამოსილების შესახებ დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ეს ნორმა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი პირველ რიგში ქვეყნის უზენაეს კანონს უნდა ეყრდნობოდეს.
"ეს არის წინააღმდეგობრივი ნორმა, რაც არის კანონით და იუსტიციის საბჭოს წევრები კონსტიტუციას უნდა კითხულობდნენ ჯერ. ბოლო ცვლილებები, რომლითაც კონსტიტუციაში ბევრი რამ შეიცვალა, არ დამატებია ჩანაწერი, რომელიც აძლევს უფლებას წევრის უკან გამოწვევის თაობაზე, ასეთი უფლება აქვს პარლამენტს. არ გამოვრიცხავ, რომ სურვილი იმდენად დიდია, ისე წაიკითხონ ჩანაწერი როგორც სურთ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ამ საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გურამ მაჭარაშვილს. როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტს, როგორც წევრის წარდგენის, ასევე უკან გამოწვევის უფლება აქვს.
"პრეზიდენტი უფლებამოსილია წარადგინოს თავისი კანდიდატურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ასევე, გამოიწვიოს. ზოგადად, კანონის განმარტების უფლება აქვს მხოლოდ მოსამართლეს. როგორ წერია და რა იკითხება, ეს უკვე იურისტის მიერ წასაკითხი ნორმებია და იქ, ცალსახად ეს იკითხება, რომ ვისაც აქვს წარდგენის უფლება, ბუნებრივია, მასვე აქვს გამოწვევის უფლება,"- განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის საბჭოს წევრობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. მოტივად საბჭო ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს.