არასამთავრობო სექტორი სასულიერო პირებისა და სხვა ჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ 8 ნოემბერს კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ და ლგბტ+ თემაზე გადაღებულ ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას ჩაშლიან, მუქარად აღიქვამს.
NGO-ები შსს-ს მოუწოდებენ, რომ ყველა მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იყოს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ უნდა გააკეთოს პრევენციული განცხადებები და გააფრთხილოს, როგორც "ქართული მარშის," ისე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც გეგმავენ კინოთეატრების ბლოკირებას, პასუხს აგებენ მსგავსი ქმედებებისთვის და მოუწოდოს მათ, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ არ გააკეთოს ისეთი ტიპის განცხადებები, რაც აღქმული იქნება ძალადობისკენ მოწოდებად," - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა, გიორგი გოცირიძემ.