14 სექტემბერი 2026,   14:03
ვრცლად
საქართველოს 2 მოქალაქის გატაცების საკითხს ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაიტაცეს - ამჯერად, შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა. მამაკაცები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროს განაპირას იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი საოკუპაციო რეჟიმის ძალებმა აიყვანეს.

საქართველოს მოქალაქეებს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ამ საკითხზე დღეს ისაუბრებენ ეგრნეთშიც, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

გატაცებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და სხვა დეტალებზე, მათი ოჯახის წევრები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ცნობილი ხდება, დაკავებისას ერთ-ერთმა ოჯახთან დარეკვა  და გაფრთხილება მოასწრო, რომ მათ რუსი ოკუპანტები ატყვევებდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები, როცა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე ოკუპანტები გადმოდიან და ე.წ. ჩასაფრებებს აწყობენ. მიზანი - საქართველოს მოქალაქეების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკავებაა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, გატაცებულ მამაკაცებს ოჯახის წევრებისთვის სატელეფონო ზარის განხორციელების საშუალება მიეცათ. მანუჩარ მერებაშვილის თქმით, გატაცებულების ოჯახში დასაბრუნებლად შესაბამისი სამსახურების მხრიდან სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმირებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

ერგნეთში რიგით მე-7 შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ჩორჩანა-წნელისთან შექმნილი ვითარების შემდეგ იმართება და ამ შეხვედრაზე ბუნებრივია ქართული მხარე გატაცებულების საკითხსაც დააყენებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამ თემაზე ვრცლად ისაუბრებენ, რადგანაც მათი პრინციპული პოზიციაა, მოხდეს მხოლოდ ტექნიკური დეტალების განხილვა,  უშუალოდ ბლოკ-საგუშაგოებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვიდრე ამ თემაზე ვერ მოხდება შეთანხმება, საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ სხვა საკითხებზე ქართულ მხარესთან არ ისაუბრებენ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "კურიერი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს ესაუბრა. 

"დღევანდელი შეხვედრის თემა არის ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესები, მაგრამ რა თქმა უნდა ამ საკითხს აუცილებლად გავაჟღერებთ," - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

დღის ამბები