15 ოქტომბერი 2024,   23:00
ვრცლად
შეტაკებები და არეულობა პარიზში - "ყვითელჟილეტიანების" წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

პარიზის ქუჩებში შეტაკებები და არეულობაა. "ყვითელჟილეტიანებმა" ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანეს, მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს და გზების გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია აქციის 24 მონაწილე.

დემონსტრანტები ეკონომიკური რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

"ბედნიერი ვარ, რომ შევიკრიბეთ. ემანუელ მაკრონს ვეუბნებით, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ "ყვითელი ჟილეტები" არ მომკვდარა. მთავრობამ ყველაფერი სცადა "ყვითელი ჟილეტების" გასანადგურებლად, მაგრამ ისევ აქ ვდგავართ საფრანგეთისთვის," - აცხადებს აქციის მონაწილე.

მოსალოდნელი აქციის გამო პარიზის პოლიცია დილიდანვე მობილიზებული იყო. შანზ-ელიზეს გამზირზე მძიმე ტექნიკა და შეიარაღებული სამართალდამცველები გამოჩნდნენ.

"ეს ყველაფერი სასაცილოა. ირგვლივ ძალიან ბევრი პოლიციელია, მაგრამ მომიტინგეები არ ჩანან. ეს დიქტატორულ მმართველობას მახსენებს,"- აცხადებს ადგილობრივი მოქალაქე.

პოლიციელების სიმრავლე არ მოსწონთ არც პარიზში ჩასულ ტურისტებს:

"​არ მომწონს, როცა ძალიან ბევრი სამართალდამცველი ერთ ადგილას იკრიბება. ეს მიმანიშნებს იმაზე, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. რაც ძალიან მაშინებს,"- ამბობს შვედი ტურისტი.

"ყვითელჟილეტიანების" მოძრაობის შექმნიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ პარიზის ქუჩებში ასობით აქტივისტი ისევ ანტისამთავრობო შეძახილებით გავიდა. არეულობის გამო დაიხურა სავაჭრო ობიექტების ნაწილი და შეჩერდა მეტროს რამდენიმე სადგურის მუშაობა.

"ერთი წლის განმავლობაში თითქმის ვერაფერს მივაღწიეთ, შესაბამისად ტაქტიკის შეცვლას ვაპირებთ. ნათელია, რომ ყოველკვირეული დემონსტრაციებით მთავრობას დავანახებთ, რომ არ დავნებდებით, მაგრამ ეს საკმარისი არაა. 5 დეკემბერს "ყვითელჟილეტიანები", სხვადასხვა გაერთიანების წევრები და აქტივისტები მასშტაბურ გაფიცვას მოვაწყობთ, ისე, რომ ეკონომიკა შეფერხდება და საბოლოოდ მივიღებთ იმას, რაც გვინდა," - აღნიშნავს "ყვითელი ჟილეტების" აქტივისტი.

"ყვითელჟილეტიანების" მოძრაობა საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს გამოჩნდა. ისინი თავდაპირველად საწვავზე ფასის მომატებას აპროტესტებდნენ, მოგვიანებით გამოსვლებმა ანტისამთავრობო დემონსტრაციების სახე მიიღო. მასში ქვეყნის მასშტაბით 300 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მაკრონის მხრიდან დათმობაზე წასვლის და გადასახადების შემცირებისა და პენსიების გაზრდის შესახებ გაცემული დაპირებების მიუხედავად, "ყვითელჟილეტიანები" ანტისამთავრობო გამოსვლებს ისევ განაგრძობენ. მომიტინგეები 5 დეკემბერს სხვადასხვა სექტორში დასაქმებულების მიერ დაგეგმილ მასშტაბურ გაფიცვას შეუერთდებიან.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე

დღის ამბები