ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი მოითხოვს. ტომას ჰენდრიკ ილვესი და მისი მეუღლე ვიდეო მიმართვას ავრცელებენ, სადაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულოად მიიღონ ზომები ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის გასათვისუფლებლად.
"სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექიმი გაფრინდაშვილი, რომელიც დადებულ ფიცს ასრულებს და ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ტერიტორიაზე, სადაც ადეკვატური სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ არის. გაათავისუფლეთ გაფრინდაშვილი," - განაცხადა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა.
ტომას ჰენდრიკ ილვესის ვიდეომიმართვა საქართველოში ესტონეთის საელჩომ გაავრცელა. ესტონეთის პოზიციას იზიარებს გერმანიაც.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თაობაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას,"– წერს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მიხაელ ზიბერტი.
რამდენიმე დღეა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორშია. საოკუპაციო რეჟიმმა ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.