18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ბუდაღაშვილი გამოძიების დაწყებისთანავე დაასახელებს მაღალჩინოსნებს, რომლებიც მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ - ჩალაგაშვილი 

20 ივნისის აქციაზე დაკავებულთა დღევანდელ სკანდალურ სასამართლო პროცესზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ზურაბ ბუდაღაშვილის ჩვენებამ მთელი სისტემა გააშიშვლა.

პოლიტიკოსების თქმით, 20 ივნისს დაკავებულ ადამიანებზე პოლიტიკური დევნა და ტერორი ხორციელდება.

როგორც პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" წევრი გურამ ჩალაგაშვილი ამბობს,  დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი მზადაა, გამოძიების დაწყებისთანავე დაასახელოს იმ მაღალი თანამდებობის პირების ვინაობები, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ.

"საქმის აღძვრისთანავე შეუძლია მისცეს ჩვენება და დაასახელოს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილზე, გიგი უგულავაზე და ნიკა მელიაზე დაედოთ ხელი და ეთქვათ, რომ ეს 3 ადამიანი აპირებდა შტურმს, მოუწოდებდნენ და მაშინვე ის იქნებოდა თავისუფალი," - აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის განცხადებით, ბუდაღაშვილმა თქვა, რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც ციხეში მყოფ პატიმრებს ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის უგზავნიდნენ.

"დაასახელა, რომ არსებობენ კონკრეტული სახელები და გვარები ვისაც ციხის კამერებში უგზავნიან მასაც და სხვა პატიმრებსაც ამ ზეწოლისთვის. ეს უკვე ახალ გარემოებას ქმნის მთლიანად საქმისთვის და ხელისუფლება ჩავარდნილი არის უკვე ძალზედ ცუდ დღეში," - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

დღის ამბები