26 აპრილი 2024,   19:23
ვრცლად
ევროსაბჭოს სიმბოლური გასაღები საქართველოს - საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

სტრასბურგში რესპუბლიკის მოედანზე საფრანგეთის დროშა დღეს ქართულით შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვით საქართველომ გადაიბარა.

ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, სტრასბურგის მერის მოადგილე და ევროსაბჭოში საფრანგეთის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

პარალელურად ქალაქში უკვე გამოჩნდა ტრამვაი ქართული ანბანით. პირველი მგზავრებიც ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი, სტრასბურგის მერი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იყვნენ.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება. დოკუმენტს ხელი მხარეებმა უკვე მოაწერეს.

ქართულმა მხარემ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს 6 თვიანი საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. მათ შორისაა ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, მართლმსაჯულება და დემოკრატიული ღირებულებები.

ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას სიმბოლურად გასაღები გადასცეს.

საქართველო სტრასბურგის საშობაო ბაზრობაშიც მონაწილეობს, სადაც ქართული კოტეჯი გაიხსნა. ღონისძიებები რამდენიმე საათში, უკვე თავმჯდომარე ქვეყნის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებით დასრულდება.

ევროსაბჭოს 70 წლიანი არსებობის და თბილისის 20 წლიანი წევრობის ისტორიაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო ორგანიზაციის თავჯდომარე ქვეყანა გახდა.

დღის ამბები