21 დეკემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ჯავაში ბავშვები პიონერების რიგებს შეუერთდნენ - ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლება პოლიტიკურ თამაშებში მოსწავლეებს იყენებს

ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლება პოლიტიკურ თამაშებში ბავშვების მონაწილეობას აგრძელებს. გალის შემდეგ, ბავშვები პიონერების რიგებს  ჯავაში შეუერთდნენ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისინი წითელი ყელსახვევებით გამოჩნდნენ. ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, პიონერული ყელსახვევების გამოყენება და საბჭოური პროპაგანდა ახალციხის ორი სკოლის დირექტორისთვის მკაცრი გაფრთხილების მიზეზი გახდა. ირკვევა, რომ აუდიტის შესწავლის საფუძველზე სკოლის ხელმძღვანელებმა წერილობითი გაფრთხილება მიიღეს, გამეორების შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სასწავლო დაწესებულებას დატოვებენ.

ჯავას საშუალო სკოლის მოსწავლეები პიონერების რიგებს შეუერთდნენ - ამ შინაარსის ინფორმაციას დე ფაქტო ხელისუფლების პრესსამსახური ავრცელებს. ეს ფოტოები 23 ნოემბერს ოკუპირებულ ძაუში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყების დღეს არის გადაღებული. ღონისძიება ოკუპირებულ ტერიტორიაზე 23 ნოემბერს აღინიშნება და წლევანდელი წლის მსგავსად, სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად პიონერულ ფიცს დებენ, რის შემდეგაც უფროსი თაობის წარმომადგენლები მათ საზეიმო ვითარებაში პიონერულ ყელსახვევებს უმაგრებენ.

ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას წითელი და ლურჯი ყელსახვევები დაურიგეს პირველკლასელებს ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლაშიც, ფოტო კი სოციალურ ქსელში გავრცელდა. რამდენიმე თვის წინ, ახალციხეში მე-5 საჯარო სკოლის ღონისძიების ფოტოები გავრცელდა, სადაც პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები ეკეთათ. დამრიგებლის ეს გადაწყვეტილება მშობლებს არ გაუპროტესტებიათ. მოსწავლეების ღონისძიება წითელი და ლურჯი პიონერული ყელსახვევებით გაიმართა ახალციხის მე-3 საჯარო სკოლაშიც. შემთხვევიდან 7 თვის შემდეგ მშობლებს მომხდარი კარგად ახსოვთ, მაგრამ მათთვის მიუღებელი არაფერია.

განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა ახალციხეში მომხდარი ფაქტი შეისწავლა და მოკვლევა ჩაატარა. სამინისტრომ მომხდარის შესახებ თავისუფლების ქარტიის კომისიას წერილობით აცნობა და მათი წერილის საფუძველზე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მითითება მიეცა, რომ არ დაუშვან მსგავსი ფაქტის გამეორება.

ირკვევა, რომ წერილობითი შენიშვნა სკოლის ხელმძღვანელებისთვის უმკაცრესი გაფრთხილებაა, რომლის გამეორების შემთხვევაშიც ხელმძღვანელი თანამდებობას დატოვებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების საქმე არა შიდა აუდიტის სამსახურმა, არამედ სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს, რომელიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შეიქმნა.

სპეციალისტების ნაწილი საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ასევე მიიჩნევენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართულმა სახელმწიფომ პრობლემების მოსაგვარებლად საერთაშორისო ორგანიზაციები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ.

საბჭოთა წარსულიდან გაქცევის აუცილებლობაზე საუბრობენ პოლიტიკოსები. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ რუსეთის რბილი ძალა სისტემატურად ცდილობს საქართველო წარსულში დააბრუნოს. მათი თქმით, აუცილებელია ქვეყნის ხელისუფლებამ სწორი სტრატეგია შეარჩიოს. "ევროპული საქართველო" რუსულ პროპაგანდაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში იმ შემთხვევებს იხსენებს, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვები პოლიტიკური თამაშების მონაწილეები ხდებიან. ასე იყო 27 სექტემბერს, "კურიერის" მიერ მოპოვებულ ვიდეომასალაში, სადაც გალის რაიონის ნომერ მე-2 სკოლაში ბავშვებს ქართული ნაციონალური ცეკვით და სიმღერით სოხუმის დაცემის დღე იზეიმეს. 
მაშინ ეთნიკურად ქართველ ბავშვებს ომის თემატიკაზე დადგმულ სპექტაკლში სამხედრო ფორმები ჩააცვეს და აფხაზი მებრძოლების როლიც მოარგეს.

დღის ამბები