18 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
ბიზნესთან კავშირების დეკლარირება საკრებულოს ყველა წევრს უნდა დაევალოს - TI კანონში ხარვეზებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში", რომელმაც საკრებულოს წევრების დეკლარაციები შეისწავლა, კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ.

კანონის მიხედვით, თანამდებობის არ მქონე საკრებულოს წევრებს არც სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალებათ და არც დეკლარაციის შევსება ევალებათ, რაც ორგანიზაციის წარმომადგენლის, ერეკლე ურუშაძის თქმით, დარეგულირებას საჭიროებს.

"სასურველი იქნება, რომ საკრებულოს წევრებმა, რომლებსაც არ აქვთ თანამდებობის პირის სტატუსი, თუ მათ არ დაევალებათ ქონებრივი დეკლარაციის შევსება, შეიძლება სხვა პროცედურა შეიქმნას, რომ სულ მცირე, ბიზნესთან კავშირების დეკლარირება მაინც დაევალოთ. ქონებრივი დეკლარაციების სისტემის არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია. ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა კავშირები აქვთ ბიზნესთან თანამდებობის პირებს, იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეული ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია,"- განაცხადა ერეკლე ურუშაძემ

ამ საკითხს პრობლემად მიიჩნევს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილიც.

"გარკვეული საკანონმდებლო ლაფსუსი არსებობს იმის, რომ ნაწილს ეხება დეკლარაციის შევსება, ნაწილს არ ეხება. გარკვეული უპირატესობით სარგებლობენ უბრალო წევრები, და შესაბამისად, მათაც შეუძლიათ ისარგებლონ თავისი მდგომარეობით, იგივე თავისი ბიზნესმდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ამის მაგალითებიც გვაქვს,"- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" თბილისის საკრებულოს წევრების სამეწარმეო საქმიანობა შეისწავლა და რამდენიმე დარღვევა გამოავლინა. კვლევის მიხედვით, ათ თანამდებობის პირს საკუთარი, ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა არასრულად აქვს დეკლარირებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები