პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტი უნდა მიჰყვეს სამართლიანობის ლოგიკას და არ უნდა იჩქაროს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერება.
ბესელიას განმარტებით, შესაძლოა მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენი საქალაქო სასამართლოს ზემდგომმა ინსტანციამ არასწორად მიიჩნიოს და გააუქმოს, ასეთ შემთხვევაში კი, მელია უფლებამოსილებას ვეღარ აღიდგენს.
"თუ აღმოჩნდება ისე, რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და შეუწყვეტს პირს უფლებამოსილებას და შეიძლება ზემდგომმა ინსტანციამ ჩათვალოს რომ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და გააუქმა, ასეთ შემთხვევაში აღდგენა შეიძლება ვეღარ მოხდეს პარლამენტის წევრის სტატუსის. ამიტომ სამართლიანობის ლოგიკას უნდა გაყვეს პარლამენტი ჩემი აზრით და არ უნდა იჩქაროს გადაწყვეტილების მიღება," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.