18 ნოემბერი 2024,   10:01
ვრცლად
მშობლებმა იცოდნენ, რომ პორნომასალას იღებდნენ, ეს სოცქსელში მიმოწერითაც დასტურდება - პროკურორი არასწრულწლოვნების საქმეზე

 

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულთა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ აქვს საფუძვლიანი მტკიცებულება ბრალდების დასამტკიცებლად. ადვოკატები დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ. იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანთა პორნოგრაფიას ეხება, სხდომა დახურულ რეჟიმში ჩაივლის.

"სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არავითარი მტკიცებულება, რაც უშუალოდ წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებდა, არ არსებობს. ჩვენი შუამდგომლობა იქნება, არ შეეფარდოს არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, თუმცა ალტერნატივის სახით მაინც გირაოს გამოყენებასაც მოვითხოვთ," - განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არცერთ გადაღებას ფიზიკურად არ დასწრებია. მას არ აქვს კონკრეტული მოტივი და ინტერესი, რომ ასეთი ფაქტი მომხდარიყო. მან არ იცოდა შვილთან დაკავშირებით რა მოვლენები ვითარდებოდა. არცერთი თეთრი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ აუღია," - აცხადებს კიდევ ერთი ადვოკატი.

განსხვავებული ვერსია აქვს ბრალდების მხარეს. პროკურორ მარიამ გოგორელიანის თქმით, დაკავებული პირები ინფორმირებულები იყვნენ, თუ რა ტიპის იყო გადაღებები და ეს დასტურდება სოციალურ ქსელში მათი მიმოწერითაც:

"ყველა მათგანი ინფორმირებული იყო აღნიშნული ფოტოსესიის შინაარსის შესახებ, ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა თავისი შვილი ფოტოების გადასაღებად, იმყოფებოდა იმავე ბინაში უღებდნენ ფოტოებს. ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება ამის დასადასტურებლად. გარდა იმისა, რომ არსებობს ფოტო-ვიდეომასალა, სადაც არის პორნოგრაფია ასახული, ასევე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები, სხვადასხვა სოციალური  ქსელებით მიმოწერები ბრალდებულებს შორის, რითაც დასტურდება რომ გარდა იმისა, რომ იცოდნენ შინაარსი, აგრეთვე ანაზღაურების მიღების ფაქტიც," - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელია. დანარჩენი კი არასრულწლოვანთა მშობლები არიან. ამ საქმეზე უკვე 22 პირია დაკავებული. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები