18 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ბოკერია პროკურატურაში დაბარებას "ივანიშვილის მიერ დაანონსებულ დაჭერებს" უკავშირებს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურაში დაბარებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დროს გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს და ანგარიშსწორებად მიიჩნევს.

ბოკერია პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის მიერ დაკითხვას მოითხოვს.

"ეს არის ძველი საქმე, რომელზეც 5 წელია ან უფრო მეტი, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ. ახლა გაახსენდათ, ამ კონკრეტულ, პოლიტიკურ მომენტში. ეს არის ძველი, უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიება. ჩვენ გვახსოვს, რომ ახლა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა თავის ინტერვიუში, როცა დაანონსა დაჭერები. არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს. საერთო ვითარება არის აგონიის, ამ სამარცხვინო ლიდერის, რომელსაც აქვს ილუზია, რომ ბრალის წაყენებით, ან დაკავებით გადაწყვეტს ამ პრობლემას, რომელიც მას აქვს. ეს არის დიდი შეცდომა და ძალიან მძიმედ დაუმთავრდება მას," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

"ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ის წლების წინ დაკითხეს. ჯერჯერობით გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მასთანაც გაჩნდეს კითხვები.  

დღის ამბები