18 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
12 დეკემბერს დაკავებული 4 პირიდან ერთს 2 000 ლარის, ორს კი 1 500-1 500 ლარის გადახდა დაეკისრათ

საქალაქო სასამართლომ 12 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 4 პირთან მიმართებაში გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ 4 პირიდან 3 პირს ჯარიმა შეუფარდა, ხოლო ერთი მათგანი ლევან გახელაძე საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო გაამართლა.

სასამართლომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს ალექსანდრე კუპრავას 2000 ლარის გადახდა დააკისრა, ხოლო დანარჩენ ორ პირს კი 1500-ლარიანი ჯარიმა.

"ყველაზე მკაცრი სასჯელი მოსამართლემ გამოიყენა ჩემთან მიმართებაში, რადგან მოსამართლისა და შსს მიმართ მქონდა პრეტენზიები. ისინი ემსახურებიან  მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მათ არაფერი არ აკავშირებთ კანონის უზენაესობასთან. აღნიშნლ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა არ გვაქვს იმედი, რომ რამეს შეცვლის," - აღნიშნა ალექსანდრე კუპრავამ.

დაკავებულის დავით კაკაურიძის განმარტებით, ღიმილისმომგვრელია მოსამართლის გადაწყვეტილება და არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ამ წუთებში კი ამავე აქციაზე დაკავებული 16 პირიდან 10-ის პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" წევრები და ოპოზიციის ლიდერი გიორგი ვაშაძეა. დაკავებულების ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველისა და საია-ს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელები 166-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით.

"ორი ვარიანტია ან დღეს უნდა დასრულდეს პროცესი ან ისეთ პრეცენდენტს შევქმნით, რომლითაც ის სტანდარტული მუხლი, რომელსაც უყენებს ხოლმე პოლიცია თითოეულ დაკავებულს, ყველა საქმე უნდა გაჩერდეს იმასთან დაკავშირებით. მე დიდი მოლოდინი არ მაქვს," - აღნიშნა გიროგი ვაშაძემ.

"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე  ყველაზე უარესს შედეგს ელოდება, თუმცა მისი განმარტებითმ, სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა გაგრძელდება.

ადვოკატის თორნიკე ართქმელიძის განმარტებით მტკიცებულებების შეგროვება შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება. მისი შეფასებით რელევანტური მტკიცებულებები არც იყო და არც იქნება წარმოდგენილი. ადვოკატის თქმით, როდესაც აქტივისტები ცდილობდნენ პარლამენტში შესვლას, მათ ამის სრული უფლეაბ ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომები ერთგვარი პერფორმანსების ფონზე მიმდინარეობს, ლეიბორისტების ლიდერი სასამართლოში ლობიანებით მივიდა და აცხადებს, რომ ლობიოს სამართალი აუცილებლად დასრულდება.  

დღის ამბები