15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალება საპროტესტო გამოსვლების მიზეზი ხდება რეგიონებშიც.
რუსთავში სამოქალაქო აქტივისტებმა დაღუპული ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს და სიმბოლურად პოლიციის შენობასთან წარწერები გააკეთეს.
მდუმარე აქცია გამართეს ბათუმში. ევროპის მოედანზე მოქალაქეებმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაში პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვეს.
სოლიდარობის აქცია გაიმართა ფოთში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა წარწერები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში დატოვეს. აქციის მონაწილეები იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც 15 წლის ლუკა სირაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
თინეიჯერული პროტესტის გამომხატველი წარწერები ახალციხეშიც გაჩნდა. აქციის მონაწილეები 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს სისტემის მანკიერ მხარეს უწოდებენ და ოჯახს უსამძიმრებენ.