ადვოკატი მამუკა შაქარაშვილი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. შემთხვევა გუშინ რუსთავში მოხდა.
ადვოკატი ყვება, რომ სახლში დაბრუნებულს ბინაში სამართალდამცავები დახვდნენ, რომლებიც საცხოვრებელს ჩხრეკდნენ.
შაქარაშვილის თქმით, პოლიციელებმა არ განუმარტეს რას უკავშირდებოდა საგამოძიებო მოქმედებები.
"გადამიღობეს გზა, გაწევ-გამოწევის შემდეგ შემიყვანეს ჩემივე საცხოვრებელ სახლში, დამადეს ხელბორკილი, ჩამსვეს კრესლოში და ფიზიკურად გამისწორდნენ. თავის არეში მირტყამდა 5-6 პოლიციელი, მხოლოდ ერთს ეცვა ფორმა, დანარჩენი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები. ამის შემდეგ დამაკავეს ადმინსტრაციული წესით და გადამიყვანეს თბილისში, განყოფილებაში,"-განმარტავს ადვოკატი მამუკა შაქარაშვილი.
"მამუკას ჩამოართვეს ტელეფონი, დაადეს ხელბორკილები და ოთახში ჩაკეტეს. სკამზე დაბმულს ურტყეს თავში და შემდეგ პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს,"- აცხადებს ადვოკატის უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე.
ადვოკატი მოგვიანებით შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 33-3 მუხლით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
მამუკა შაქარაშვილის ადვოკატი ითხოვს, რომ გამოძიების დასრულებამდე პოლიციელებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ.