26 ივნისი 2024,   15:06
ვრცლად
თუ ცუდად ვარ და მაქვს ტელეფონი, ვინც არ უნდა ამიკრძალოს, დავრეკავ - ჩოლოიანის ადვოკატი ფაქტების უზუსტობაზე საუბრობს

ვისი დანაშაული გამოიკვეთება დამატებით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეში - გამოძიება სხვა პირთა მხილების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ერთადერთი ბრალდებული, გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გასაიდუმლოებულია, მარიანა ჩოლოიანის თხოვნით სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.


ბრალდებულის უფლებადამცველი არჩილ შაბაშვილი კვლავაც უარყოფს, რომ 15 წლის მოზარდმა აღიარებითი ჩვენება იძულებით დაწერა. მისი ინფორმაციით, დაკითხვის დროს მოზარდსაც და მის მშობელსაც მობილური ტელეფონები ხელთ ჰქონდათ. მისი თქმით, თუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოზარდი დაკითხვისას ცუდად გახდა სწორია, ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რატომ არ ისარგებლა თავად მოზარდმა ან მისმა მშობელმა მობილური ტელეფონით. 

"საკითხი არასწორად გაჟღერდა, თითქოს ბავშვს აიძულებდნენ აღიარებითი ჩვენების მიცემას, რის შემდეგაც, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური იძულების შემდეგ, მან მისცა აღიარებითი ჩვენება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ესეც საქმის მასალებშია. მათ ხელთ ჰქონდათ ტელეფონი, იქ თითქოს საუბარია იმაზე, რომ სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდა და ვინმემ უარი უთხრა. მასაც ჰქონდა ხელთ ტელეფონი. შევხედოთ ასე - როდესაც ცუდად ვარ და ხელთ მაქვს ტელეფონი, ვინც არ უნდა ამიკრძალოს, დავრეკავ. მეორე ნაწილი - თუ მე ვხედავ, რომ ჩემს შვილს რაიმე პრობლემა აქვს და ხელთ მაქვს ტელეფონი, დავრეკავ სასწრაფოში,"- განაცხადა ადვოკატმა. 

დღის ამბები