საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, მასთან ერთად ბრალდებული კიდევ 2 პირის - “რუსთავი 2”-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და “ინტერ მედია პლუსის” დირექტორის, ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე დაცვის მხარის ერთ-ერთი შუამდგომლობა იქნება, ბრალდებულების წინააღდეგ სისხლის სამართლის წარმოება შეწყდეს.
„ვაპირებთ, დღევანდელ პროცესზე ყადაღის გაუქმების შესახებ შუამდგომლობები დავაყენოთ, ასევე, ვგეგმავთ დავაყენოთ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზეც. როდესაც საქმე უკვე სასამართლოშია, გამომძიებლებისგან ნებართვა და წყალობა არ უნდა სჭირდებოდეთ ბრალდებულებს, ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლასა და უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ამავდროულად, პროცესზე ჩვენ ვიშუამდგომლებთ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მეტყველებს იმაზე, რომ მოცემული ბრალდება ეხება არა სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებებს არამედ, სამოქალაქო სამართლებრივად განსჯად საკითხებს,“ - აღნიშნა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე განცხადება პროკურორმაც გააკეთა.
„სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს, გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ცნობილი იქნება დასაშვებად და საქმე განსახილველად წარიმართება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ათეულობით მოწმე გვყავს,“ - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.