26 აპრილი 2024,   21:58
ვრცლად
დაზარალებული მხარე მტკიცებულებებს დეტალურად არ ეცნობა და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს - ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ახალი დეტალები იკვეთება. კურიერი იმ მოწმეს ესაუბრა, ვინც ინციდენტს შეესწრო და ვის სახლშიც დაპირისპირება დაიწყო. მოწმის თქმით, შელაპარაკება არ იყო იმდენად მწვავე, რომ მას ასეთი სისხლიანი გარჩევა მოჰყოლოდა.

"კურიერთან" ასევე, ერთ-ერთი დაკავებულის ინტერესების დამცველმა ისაუბრა, რომელსაც რჩება შთაბეჭდილება, რომ დაზარალებულ მხარეს კარგად არ აქვს შესწავლილი საქმის მტკიცებულებები.

"დაზარალებული მხარე თავდაპირველად ისეთ ფაქტებს ამბობდა, რომელიც შემდეგ დადასტურდა, რომ არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მაგალითად, საკითხი დაკავებულების ნასამართლეობის შესახებ არასწორი აღმოჩნდა, ასევე ისინი ამტკიცებდნენ, რომ დაზარალებული და ბრალდებულები სუფრასთან ერთად არ იმყოფებოდნენ და ამასთან, აღნიშნავდნენ, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური მოტივი ჰქონდა, რომელიც დადასტურდა, რომ არ შეესაბამებოდა სიმართლეს. 

მათი ყოველი ეს განცხადება მიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ დაზარალებული მხარე მტკიცებულებებს დეტალურად არ ეცნობა და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ეს იყო პირადი კონფლიქტი მათ შორის, ღვინის დაწუნებასა და გაცილებასთან დაკავშირებით," - განაცხადა ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა

კურიერთან დეტალებს ჰყვება, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, მისი თქმით ცოტნეს გარეთ დახვდნენ და მოულოდნელად თავში ჩაარტყეს.

"გამოვიდა თუ არა ცოტნე მას გარეთ დახვდნენ და უცბათ თავში ჩაარტყეს ისე, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო. მე როდესაც სახლიდან გამოვედი ვნახე რომ გარეთ ეგდო ქუდი, დამტვრეული ყავარჯენი და ესხა სისხლი," - აღნიშნა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა

 

დღის ამბები