ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება.
პირველი პრეზიდენტის შვილის დაჭრამდე, დეტალებს, "კურიერთან" ის მოწმე იხსენებს, ვის ეზოშიც ცოტნე გამსახურდია ნაცნობებთან ერთად, გარდაცვლილი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდა. ერთ-ერთი მთავარი მოწმე ადასტურებს, რომ სუფრაზე იკამათეს, თუმცა არავის ეგონა თუ ეს ფიზიკური ანგარიშსწორების საბაბი გახდებოდა.
დაპირისპირების მთავარი თვითმხილველი ყვება რომ, ბრალდებულებმა მისი ეზო მალევე დატოვეს, თუმცა ცოტნე გამსახურდია მათ არ გაჰყოლია და სახლისკენ მხოლოდ 20 წუთის შემდეგ წავიდა.
სუფრაზე მომხდარი კამათი რომ ფიზიკური დაპირისპირების საბაბი არ უნდა ყოფილიყო, ამაზე ცოტნე გამსახურდიას მეუღლე საუბრობს. ანა ჯიქური იმ დღეს იხსენებს, როდესაც მისი მეუღლე დაჭრეს და დარწმუნებულია, რომ ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი და ცოტნესთვის მოულოდნელი იყო.
გამსახურდიას დაცვის მხარეც გამორიცხავს, რომ ფიზიკური დაპირისპირება ცოტნეს დაეწყო, ადვოკატი ამბობს, რომ პირველი პრეზიდენტის შვილს, ბრალდებულები სახლთან დახვდნენ.
იყო თუ არა, ეს წინასწარ დაგეგმილი ან უკავშირდება თუ არა, წარსულში არსებულ დაპირისპირებას ცოტნე გამსახურდიას დაჭრა, ამის დასადგენად დაზარალებულის ადვოკატმა გამოძიებას უკვე მიმართა.
მათი მხარის პოზიციები, ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატს უჩენს ეჭვს, რომ ისინი საქმის მტკიცებულებებს კარგად არ იცნობენ. ირაკლი ჩომახაშვილი, რომლის დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარა რომ ცოტნეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები, ამბობს რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა ერთმანეთს ორივე მხარემ მიაყენა, ეს ყველაფერი კი მოწმეთა ჩვენებით დასტურდება.
რეალურ მიზეზებზე სავარაუდოდ, თავად ცოტნე გამსახურდია მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრებს. მანამდე კი, ოჯახის გადაწყვეტილებით ის მკურნალობის კურსს საზღვარგარეთ განაგრძობს.
მოწმეების გამოკითხვის პროცესი, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში გრძელდება, ამ ეტაპზე ინციდენტში მონაწილე სულ 4 პირია დაკავებული, მათ შორის, ორი განზრახ მკვლელობის ბრალდებით.